"უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა"
07/06/2022 14:25:16 პოლიტიკა
"უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა", - ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა საქართველოსგან ელის საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას:
„უმრავლესობას შევთავაზეთ და ახლაც გთავაზობთ ერთიანი გზავნილი გავაგზავნოთ ევროპაში - ეს არის "შარლ მიშელის შეთანხმებაზე" დაბრუნება. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო თვეებში გადასულია მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ, რაც 6 თვის წინ შეუძლებელი იყო დღეს შესაძლებელია. თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო, ყირიმის რუსეთის ანექსიის დროს ევროპის მიერ დაკავებული პოზიციების გამო. მათ თვითონ განაცხადეს მზაობა განიხილონ ჩვენი განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე. რას ელის ევროპა ასეთ ვითარებაში საქართველოსგან? - ელის ჩვენი მხრიდან ასევე საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას. ევროპა ელის ჩვენი საკუთარი შეცდომების გათვალისწინებას ეს ამ 9 წელიწადში იყო, იმ ცხრა წელიწადში თუ იმის იქით 18 წელიწადში. უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა. სწორი პოზიციაა არა იქით დამუნათება, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, იმის აღიარება, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი არა რეფორმები, არამედ ფუნდამენტური რესტარტი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.


