Accentnews.ge
"მხარს ვუჭერთ, მაგრამ..." - ჩეხეთს "ტრიოსთვის" კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

"მხარს ვუჭერთ, მაგრამ..." - ჩეხეთს "ტრიოსთვის" კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

07/06/2022 17:40:56 პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მაკისკა აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასებამდე ნაადრევია საუბარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციებზე, თუმცა, მისი თქმით, ზოგადად, ჩეხეთი "ტრიოსთვის" კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დიპლომატმა "აქცენტს" განუცხადა.

"ჩეხეთი ტრადიციულად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ თანამშრომლობის საკმაოდ ძლიერი სისტემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოებისთვის მთავარ სფეროებში. ჩვენ მხარს ვუჭერდით და კვლავ ვაგრძელებთ ამ მისწრაფებების მხარდაჭერას. ზოგადად, პოლიტიკური და უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების იდეას სამი ასოცირებული პარტნიორისთვის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, ევროკომისიის შეფასებამდე და რეკომენდაციამდე ნაადრევია საუბარი წევრი სახელმწიფოების პოზიციებზე. საკითხზე ჩეხეთის ოფიციალური, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის", – განუცხადა "აქცენტს" ელჩმა.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროკომისიის შეფასების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა "ტრიოს" სახელმწიფოებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S