თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია
08/06/2022 07:38:54 პოლიტიკა
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა.
"საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები,რომელსაც ჩვენ ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი. ყველა ის ოჯახი, ადამიანი ვინც იმედით შეჰყურებდა ილიას, რომ ეს თემა ბოლომდე მივიდოდა, ჩვენ ამას თავს ღირსეულად გავართმევთ და რა თქმა უნდა, მისი სულიც გაიხარებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამასთან, კალაძის თქმით, კახა გულედანი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის ათივე რაინის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას.
გარდა ამისა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა:
"ლევანი გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა დღემდე. ის უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს, წარედგინება საკრებულოს. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


