სამადაშვილი – გვრამიაზე: "ვიმედოვნებ, ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, პრეზიდენტი მის უფლებამოსილებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასიკეთოდ გამოიყენებს"
08/06/2022 08:15:18 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც შეიძლება, ეწოდოს "გვარამიას სახელობის რეზოლუცია".
"ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც "გვარამიას სახელობის რეზოლუცია" შეიძლება, ვუწოდოთ, რადგან სწორედ მისმა დაპატიმრებამ მისცა ბიძგი. სახალხო დამცველის მიმართვა ადასტურებს, რომ ნიკა პოლიტიკური პატიმარია. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ გარემოებებს გაითვალისწინებს. ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, მის უფლებამოსილებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასიკეთოდ გამოიყენებს",– აცხადებს სამადაშვილი.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირს წევრობის განაცხადი ოფიცილურად წარუდგინეს, ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციები მიიღო. რაც შეეხება საქართველოს, ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი დოკუმენტი ჯერ–ჯერობით არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე.


