ევროპარლამენტის რეზოლუციის "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევა" პროექტი
08/06/2022 12:02:03 პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუციის "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევა" პროექტის შეთანხმებულ ტექსტში, მათ შორის „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
ევროპის სახალხო პარტია [EPP] რეზოლუციის პროექტს უერთდება, თუმცა ასევე წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს, რომელსაც 9 ივნისს ცალკე ეყრება კენჭში და რომელიც მოიცავს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.
ევროპარლამენტის რეზოლუციის "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევა" პროექტის შეთანხმებული ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი:
- გამოთქვამს შეშფოთებას უკანასკნელ წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობის და ჟურნალისტების უსაფრთხოების საგრძნობი გაუარესების გამო მიუხედავად საქართველოში არსებული გამოხატვისა და მედიის თავისუფლების გარანტიების მყარი სამართლებრივი ბაზისა;
- გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პასუხისმგებელი პირები. ჟურნალისტებზე და მედიის სხვა წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის და ამით, ამგვარ დანაშაულებზე დაუსჯელობის შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად; მოუწოდებს საქართველოს შეზღუდოს სტრატეგიული სარჩელების გამოყენება საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ (SLAPP) რომელიც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლებისკენ მათი კრიტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის შესაფერხებლად;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლრბას უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც უნდა მოიცავდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალობას, პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლების პროგრამებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში; ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაუბრკოლებელ წვდომას და უზრუნველყოს ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცულობა და გაძლიერება;
- გმობს, მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის „მთავარი არხის“ მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილ განაჩენს, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას. ემხრობა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ [ორგანიზაციის] მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვაზე; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ ნამდვილად განახორციელოს სასამართლო რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საჯარო განცხადებებში მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს;
- მკაცრად გმობს 2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მარშის დროს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, გულმოდგინე გამოძიების და დევნის მუდმივ ნაკლებობას. მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ისინი არღვევენ საქართველოს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. ევროპული ვალდებულებები საერთოა და მოუწოდებს ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტები; გმობს ლგბტიქ+ პირთა დისკრიმინაციას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობის სათანადო მექანიზმები;
- ხაზს უსვამს ჟურნალისტების, მედიის თანამშრომლოების და მედია საშუალებების უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს გარანტირების აუცილებლობას, როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. მათ შორის, მათთვის ვინც რუსეთის, ბელარუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან ეძებს თავშესაფარს; ამასთან მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა მედიის კანონმდებლობისა და გარემოს გასაუმჯობესებლად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
- აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით მოქმედებებისთვის, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა;
- აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედიალანდშაფტს, მაგრამ წუხს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და პრო-სახელისუფლებო მედიას შორის; სიღრმისეულად გმობს მედიალანდშაფტის პოლარიზაციას, რომელიც ასახავს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციას;
- კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების აღძვრისგან;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ციხიდან ყოფილი პრეზიდტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით, რათა ნება მიეცეს გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ.
- გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური თუ ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის, დაუცველი ჯგუფებისა თუ პირების წინააღმდეგ, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებო პირების მიმარ. ან პოლიტიკურმა პარტიებმა, განავითარონ მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავიანთი მოქალაქეებისთვის და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში;
- მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის მცდელობების გამოყენებისაგან მათი შესაბამისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა;
- მიესალმება საქართველოს მონაწილეობას შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში 2021-2027 წლებში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ახალი ამბების მედიის სექტორის ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ურყევად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი სტანდარტები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამით ცალსახად წარმოჩინოს 2022 წლის 3 მარტს წარდგენილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით, საქართველოს ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფების რეალიზაციის პოლიტიკური მზაობა. გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.


