"ამ არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის დაცვა კი არ არის დღეს მისი პრიორიტეტი, არამედ დღევანდელი საქართველო არის ევროპულ გზაზე დასაყენებელი"
09/06/2022 08:46:50 პოლიტიკა
"ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ უნდა დაზარალდეს არასწორი მთავრობის გამო", – ასე ეხმიანება „ლელოს“ წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლების პრიორიტეტი საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენება უნდა იყოს:
"ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდათ, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? - ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი. შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება იმიტომ მიგვაჩნია ყველაზე უფრო ეფექტურ ნაბიჯად, რომ ამით ევროპელი კოლეგები დაინახავენ, რომ მთავრობა გონს მოვიდა, ოპოზიციის ის ნაწილიც სხვაგვარად ფიქრობს, ვინც თავის დროზე ამ პროცესს არ შემოუერთდა ან დააგვიანა და საერთოდ, ჩვენ ყველანი გონს მოვეგეთ. ევროპას საქართველოში გვარები და სახელები არ აინტერესებს, არც პოლიტიკური პარტიების დასახელებები და ფერები. მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ და იდგმება სწორი ნაბიჯები. ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ უნდა დაზარალდეს არასწორი მთავრობის გამო, მაგრამ ამ არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის იქით დაცვა კი არ არის დღეს მისი პრიორიტეტი, რადგან მას ვერც ვერავინ დააკლებს ვერაფერს და ვერც ვერავინ მოუმატებს, მას დაცვა არ სჭირდება, არამედ ერეკლეს და ჩვენი სხვა წინაპრების შთამომავლები, ანუ, დღევანდელი საქართველო არის დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.


