"შემაშფოთებელია, როდესაც ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება "ფეიკის" მსხვერპლი, რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს"
09/06/2022 11:17:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა, "ფეიკების" შედეგია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"კამპანია, რომელიც წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც "ფეიკის" მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებთან და ჩალის ფასი აქვს":
"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს , არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს".


