„ნაციონალური მოძრაობა” 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება
09/06/2022 14:28:54 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება.
„20 ივნისს, სამი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად. ვიცი, რომ ამ დღეს პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფლება, კვლავ იკრიბება რუსთაველზე, ისევე როგორც მაშინ. დღეს, იგივე სამოქალაქო საზოგადოება აანონსებს აქციას, 20 ივნისს, 20:00 საათზე. განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და თაობებისა, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ მნიშვნელოვან თარიღს. როგორც არასდროს სიმრავლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“,-აღნიშნავს მელია.
თბილისში 20 ივნისს მარში სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“, „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“ . როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.


