კალიურანდი ქართველ პოლიტიკოსებს: "დღევანდელი დისკუსია გამოღვიძების ბოლო ზარად აღიქვით"
09/06/2022 18:23:47 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნების" ლიდერებმა, დღევანდელი დისკუსია უნდა მიიღონ და გაიაზრონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი.
"მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - რა თქმა უნდა მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდანაც - რომ დღევანდელი დისკუსია გამოღვიძების ბოლო ზარად აღიქვან. მათ გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პარტიული ინტერესები, უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყონ ერთად მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე", – წერს ევროპარლამნტარი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".


