„ჯერ კიდევ არის დრო რაღაცების შესაცვლელად“
09/06/2022 19:02:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტამდე ქართველ პოლიტიკოსებს კვლავ აქვთ დრო „რაღაცების გამოსასწორებლად“.
„შეწყვიტეთ მაპოლარიზებელი ენის გამოყენება, დაუბრუნდით "შარლ მიშელის" შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".


