"რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირში ინტეგრაცია"
09/06/2022 19:22:50 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ დისკუსიაში "ქალები კონფლიქტებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა პირველი რუსული ოკუპაცია.
მისი თქმით, "რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირში ინტეგრაცია".
"ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა - ყირიმის მსგავსად, ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს. ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც - ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი - რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დისკუსიის მონაწილე იყო ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ზურაბიშვილმა ოლენა ზელენსკას სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ქართველი ქალის სახელით და თქვა, რომ ომის პირველი მსხვერპლები ყოველთვის ქალები არიან, თუმცა დღეს უკრაინის ომში მთელი უკრაინელი ერი მონაწილეობს და ეს არ არის ომი, რომელსაც მხოლოდ კაცები ხელმძღვანელობენ.


