ახალი ოპერაცია სირიაში, ომი და უკრაინული ხორბალი: ანკარის, მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესები

10-06-2022 00:43:01 ანალიზი

თურქეთი სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. მაშინვე დაიწყო იმის განხილვა, რამდენადაა ეს ამბავი კავშირში უკრაინაში მიმდინარე ომთან და როგორ შეიძლება, აისახოს მის მსვლელობაზე. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე “მომავლის საერთაშორისო ინსტიტუტის” (უკრაინა) ექსპერტ ილია კუსის ანალიზს გთავაზობთ.

თურქეთის ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში

თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაანონსებასა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი ბმა არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია, ვისაუბროთ ნაწილობრივზე და აი, რატომ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნულ საკითხს აყენებს დღის წესრიგში. წინა ანალოგიური მცდელობა ანკარას გასული წლის შემოდგომაზე ჰქონდა. მაშინაც, ამჟამინდელის მსგავსად, სამხედრო ოპერაცია წინასწარ დაანონსდა, თუმცა არავითარი რეალური ქედება იმ ჯერზე არ მოჰყოლია, რადგან აშშ და რუსეთი წინააღმდეგები იყვნენ და მეტიც, მათ სირიაში კოორდინირებულად დაიწყეს მოქმედება, ჩრდილოეთ სირიისკენ ჯარების გადასროლა იმის საჩვენებლად, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ, თურქული ძალები შეეკავებინათ. ანკარამაც მაშინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სირიაში ერთბაშად ორ მსხვილ მოთამაშესთან შეტაკების პროვოცირება არ უღირდა. ნახევარ წელიწადში კი ერდოღანი კვლავ სწევს ამ თემას, რაც, მაღალი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეცვლილ კონტექსტს უკავშირდება. კერძოდ, ახლა, ანკარის აზრით (და ეს პრინციპში, რეალურადაც ასეა), სირიაში აშშ-სა და რუსეთს შორის კოორდინაცია დარღვეულია: ორ მსხვილ მოთამაშეს შორის ურთიერთობა გაუარესდა, უკრაინაში მიმდინარე ომმა მათ შორის ნორმალური კომუნიკაცია საბოლოოდ მოარღვია, ახლა მათ ერთმანეთთან საუბარი გაცილებით მეტად უჭირთ, თანაც ამჟამად ორივე სირიაზე გაცილებით მეტად უკრაინითაა დაკავებული და ამას დიდ რესურსებს ახარჯავს (სირია ისედაც არ იყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, უკრაინის თემის ფონზე კი სირიის თემამ მთლად უკანა რიგებში გადაიწია; თავის მხრივ, რუსეთისთვისაც დაახლოებით 2018 წლიდან, იმ დროიდან, როცა იქ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, სირია პირველხარისხოვან საკითხს აღარ წარმოადგენს და იგივე უკრაინა, მაგალითად, მოსკოვისთვის ბევრად მნიშვნელოვანი თემაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით). ანკარამაც ამ ფონზე გადაწყვიტა, ესარგებლა მომენტით, როცა ხსენებული ორი მსხვილი მოთამაშე სირიაში მის წინააღმდეგ შეთანხმებულად ვეღარ იმოქმედებს, დაუბრუნდა ამ თემას - ერდოღანის ძველ ოცნებას თურქეთ-სირიის სამხრეთ საზღვრების გასწვრივ 30 კმ-იანი ბუფერული რკალის შექმნის თაობაზე და როგორც ჩანს, ამჯერად მის რეალიზებას მართლაც შეეცდება. კითხვა მხოლოდ ფასში მდგოარეობს – ფასში აშშ-ისა და რუსეთისთვის.

თურქული ოპერაციის ფასი აშშ-ისა და რუსეთისთვის

ფასზე საუბრისას ვგულისხმობ შემდეგს: თურქეთისთვის კლასიკური სქემაა, მოქმედება წინასწარ დააანონსოს, ხოლო შემდეგ დაიწყოს ერთგვარი ვაჭრობა, ანუ მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის - იმაზე, თუ რომელი ტერიტორიების დაუბრკოლებლად დაკავების შესაძლებლობა მიეცემა და რომლის არა. ვფიქრობ, ახლაც, მას შემდეგ, რაც თურქულმა მხარემ სირიაში ოპერაცია დააანონსა, წარმოებს არაოფიციალური მოლაპარაკებები.

თუ თავად ერდოღანის განცხადებით ვიმსჯელებთ, თურქეთი გეგმავს შეტევას სირიის ოთხ რაიონზე და ოთხივეში 2019 წლიდან წარმოდგენილია როგორც სირიის სამთავრობო არმია, ისე რუსეთის სამხედრო პოლიცია და ქურთთა პროამერიკული რაზმები, ამერიკელები კი იქიდან ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მდუმარე სანქცირების შედეგად გავიდნენ (მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ღია იყო მსგავსი სახის არაოფიციალური შეთანხმებების მიმართ).

ამერიკელების წინაშე დღეს იგივე დილემა დგას, რომლის წინაშეც ისინი თავის დროზე – ქურთთა პროექტზე მეურვეობის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დადგნენ: დაიცვან ქურთები და გარისკონ ნატო-ს წევრ თურქეთთან დაპირისპირებით, თუ არ დაიცვან და შეეგუონ “პარტიორთა გადამგდები” ქვეყნის იმიჯს. და ყოველ ჯერზე, როცა თურქეთი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ ოპერაციას აანონსებს, აშშ ამ ძველი დილემის წინაშე დგება. თუ დონალდ ტრამპმა თავის დროზე ფაქტობრივად უყოყმანოდ აირჩია მეორე ვარიანტი, ბაიდენისთვის საკითხი ასე მარტივად გადასაწყვეტი არაა: თავად ბაიდენიც, მთლიანობაში დემოკრატებიც და მათი ამომრჩევლებიც ხომ სიმპათიით არიან განწყობილი ქურთთა პროექტის მიმართ და ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალზე გაუჭირდება, რიტორიკის დონეზე აუხსნას მხრამჭერებს, რატომ უნდა აქციოს ზურგი და არ დაიცვას პარტნიორი ქურთები. მით უფრო, რომ ბაიდენი ყველაფერს აკეთებს, რათა აჩვენოს, რომ იგი “ტრამპი არაა”.

რაც შეეხება ფასს რუსეთისთვის, სიტუაცია მისთვისაც საკმაოდ პრობლემურია: როგორც უკვე ვთქვი, იმ ოთხ სირიულ რაიონში, რომლის დაკავებასაც თურქეთი გეგმავს, წარმოდგენილია რუსეთის სამხედრო პოლიციაც და რუსეთმა ახლა იგი ან უნდა გაიყვანოს (როგორც ადრე ანკარასთან შეთანხმებით უკვე გაუკეთებია), ან ადგილზე დატოვოს და ამით უჩვენოს თურქეთს, რომ მზადაა ამ ტერიტორიების დასაცავად. თუმცა რეალურად, ადგილზე არსებული რუსული რესურსი აშკარად არასაკმარისი იქნება თურქული არმიისა და პროთურქული დაჯგუფებების კომბინირებული ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამდენად, კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა რუსეთი თურქეთთან შეთანხმებას და პირადად ჩემი აზრით, ისინი მოილაპარაკებენ, ხოლო რაზე – ამას უკვე თურქული ოპერაციის დაწყების შემდეგ დავინახავთ.

აქვე გამოვეხმაურები უკრაინულ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ამ ოპერაციით თურქეთს სირიაში მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ასე ნამდვლად არაა. გავრცელებული ხმები, თითქოს რუსეთმა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში სირიიდანაც გადაისროლა, არ დასტურდება, სირიაში რუსული ძალების არავითარი მკვეთრი შემცირება არ ყოფილა – თუ მათი გამოყვანის ფაქტი საერთოდ მოხდა, საუბარია მაქსიმუმ, 100-200 კაცზე. იქ ხომ რუსეთს ისედაც საკმაოდ მცირე კონტინგენტი ჰყავს – მაქსიმუმ, 5-6 ათასი ადამიანი, თანაც ისინი არა, ვთქვათ, სახმელეთო ჯარის წარმომადგენლები არიან, არამედ სამხედრო პოლიცია, რომელიც სოჭის 2020 წლის შეთანხმებების საფუძველზე თურქეთთან ერთად გამყოფ ხაზზე პატრულირებაში მონაწილეობს და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს იმ პერიოდში, სანამ მიმდინარეობს შერიგების პროცესი მთავრობასა და სხვადასხვა ანტისამთავრობო ძალებს შორის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დამასკოს კონტროლქვეშ დაბრუნდა – მაგალითად, სამხრეთში.

ასე, რომ თურქეთის გადაწყვეტილება, სირიაში ოპერაცია ახლა დაიწყოს, უკავშირდება არა იმას, რომ იქ სამხედრო ძალთა ბალანსი რამენაირად შეიცვალა – ის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, არამედ უფრო აშშ-ისა და რუსეთის უკრაინის თემით დაკავებულობას.

ერდოღანის მიზნები

თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ ოპერაციით გარკვეული – ეკონომიკასა და სირიიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული შიდა პრობლემების მოგვარებასაც ვარაუდობს.

ამავდროულად, ამ ოპერაციამ შესაძლოა, თურქეთს მისცეს კარტი, რომელსაც იგი შემდეგ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში მიღების საკითხზე ალიანსთან იმ მოლაპარეკებებზე გაათამაშებს, რომლებზეც ქურთთა თემა ერთ-ერთი ცენტრალურია.

სირიის თემა რუსეთ-აშშ-ის კომუნიკაციის აღსადგენად და უკრაინა

რუსეთმა შესაძლოა, ისარგებლოს მომენტით, სირიაში აშშ-სთან კომუნიკაცია აღადგინოს და შემდგომში ეს უკრაინის თემის სიბრტყეზეც განავრცოს. ეს მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია და უნდა ითქვას, რომ მსგავსი მცდელობა უკვე ვიხილეთ კიდეც – ვგულისხმობ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორიოდ კვირის წინ რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს შორის პირველ სატელეფონო საუბარს, ასევე საუბარს მხარეთა გენერალური შტაბების უფროსებს შორის.

კონვერტირდება თუ არა ეს განახლებული დიალოგი მოქმედების პრაქტიკულ კოორდინაციაში სირიაში – რთული სათქმელია, ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული დიდად არაფერი შეიმჩნევა.

თეორიულადაც, უკრაინის საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა თემებში კოორდინაციის ალბათობას, ბუნებრივია, ამცირებს. თუმცა ეს შესაძლებლობა მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია და მხედველობაში ისიც უნდა იქნას მიღებული.

არსებობს რუსეთის მიერ ვითარებით სარგებლობის მეორე ვარიანტიც: თუკი მოსკოვი ანკარას 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის ჩამოყალიბებაზე და სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიის იმ ხსენებული ოთხი რაიონის აღებაზე შეუთანხმდება, სადაც სირიელი ქურთები სახლობენ და განთავსებულია ქურთთა პროამირეკული რაზმები, ეს სირიაში რუსეთის პოზიციებს დიდ საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან აქ რაიმე დიდი ქალაქების ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრების დაპყრობაზე არაა საუბარი.

მეტსაც ვიტყვი: მოსკოვისთვის გარკვეული თვალსაზრისით, ამჯერად შესაძლოა, ხელსაყრელიც კი იყოს მისი ძალების უკან გაწევა და თურქეთისთვის ხსენებული ტერიტორიების აღების შესაძლებლობის მიცემა: ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში მხოლოდ 4 რაიონზე ვსაუბრობთ და ეს ქურთთა მთელი ტერიტორია არაა, არსებობს კიდევ ორი პროვინცია, რომელიც არსობრივად, ქურთთა ავტონომიის ცენტრს წარმოადგენს და იქ ამერიკული სამხედრო ბაზებიც კია განთავსებული. 2019 წლის შემდეგ მათ, არსობრივად, სირიის სამთავრობო ძალები და რუსები ემეზობლებოდნენ – ყველაზე აქტიურად ისინი ერთმანეთს სწორედ ჩრდილო-აღმოსავლეთში ეკონტაქტებოდნენ და თუ თურქეთი ახლა ხსენებულ ტერიტორიებს დაიკავებს, თურქულ-ქურთული ბრძოლები აშშ-ისთვის უფრო იქნება თავის ტკივილი, როგორც გავლენის ამ ზონაზე პასუხისმგებელი ძალისთვის.

შესაბამისად, ერთადერთი, რაც რუსეთმა ახლა უნდა გააკეთოს, ესაა შეთანხმება თურქეთთან, რომ თურქული არმია კიდევ უფრო შორს არ წავიდეს, 30 კმ-ს არ გასცდეს, ანუ დადგინდეს რაღაც ახალი საზღვარი, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საბრძოლო მოქმედებები სირიისა და თურქეთის ჯარებს შორის, რადან ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთისთვის, რამდენად შეძლებს იგი ოფიციალური დამასკოს გაკონტროლებას, რომელსაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს: მას ამ ტერიტორიების დატოვება არ სურს და მზადაა, ქურთებს თურქებთან ბრძოლებში დაეხმაროს, ისევე, როგორც მოხდა იდლიბში 2019-ში. უკვე ვხედავთ კიდეც, რომ სირიული მხარე დამატებით ძალებს აგზავნის იმ რაიონებისაკენ, რომელთა აღებასაც აპირებს, სავარაუდოდ, თურქეთი. ადგილზე რჩებიან ჯერ-ჯერობით რუსული ძალებიც. ვნახოთ, რა გაირკვევა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ანკარაში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა სირიის საკითხი იყო.

სირია და უკრაინული ხორბალი

რამდენიმე დღის წინ გაიჟღერა თურქეთის წინადადებამ უკრაინული პორტების განნაღმვასა და ამ პორტებიდან უკრაინული ხორბლის გატანაში დახმარების შესახებ. ამასთან, ითქვა, რომ რუსეთი ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და ამ გემებს ბოსფორამდე მიაცილებს, რამაც უკრაინაში აღშფოთება გამოიწვია.

თავის მხრივ, დასავლეთი, რომელიც შეშფოთებულია მსოფლიო სასურსათო კრიზისის საფრთხითა და ამ კუთხით პუტინის შანტაჟით, მეორე კვირაა, აქტიურად საუბრობს პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრის აუცილებლობაზე და ამ კუთხით უკრაინა ერთგვარ ზეწოლასაც განიცდის.

თურქეთი ამ ვითარებით სარგებლობს საკუთარი რეგიონული საშუამავლო როლის წინ წამოსაწევად, თუმცა ამ მხრივ ყველაფერი მოსკოვისა და კიევის თანხმობაზეა დამოკიდებული.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი სირიის თემასთან ბმაში განიხილებოდეს, მაგალითად, მოსკოვი სთავაზობდეს ანკარას, “კი ბატონო, გაიტანეთ უკრაინული პორტებიდან ხორბალი, წინააღმდეგობას არ გავწევ, მაგრამ მანამდე სირიის საკითხი განვიხილოთო”.

ვისთვის რა აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი – უკვე უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები