მათიკაშვილი: "როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება?"
10/06/2022 05:00:15 პოლიტიკა
"როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება?", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.
"როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა!!!საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს....ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, "ფეიკი" და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს. სიმართლე კი არის მხოლოდ ერთი და ის მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოამაგეა ჩვენი სამშობლოსი, მისმა მოღვაწეობამ დათესა უდიდესი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად უყვარს ის ქართველ ხალხს", – წერს მათიკაშვილი.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".


