ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: "4 მარტიდან ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვართ"
10/06/2022 05:07:32 პოლიტიკა
მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ფაქტობრივი სანქციების პირობებში" მუშაობენ. ასე გამოეხმაურა ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით.
"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. არის არის ის, რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში... არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში. ფორმაც არაკორექტულია, არაკლუტურული, ყოველგვარ დადგენილ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს მოკლებული", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა "იმედის" ეთერში.
ადვოკატის თქმით, თუ საჭიროება დადგა, ივანიშვილი სანქციის "რეალურ მოტივზე" თვითონ ისაუბრებს:
"ჩვენ არ გვაპირისპირებენ, სამწუხაროდ, ისეთ წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი გავცეთ. ამიტომ ეს არის თითიდან გამოწოვილი. შესაძლებელია, თუ ეს პროცესები ასე განვითარდა, არ დაეყრდნო არანაირ საფუძველს და მტკიცებულებებს, ბატონმა ივანიშვილმა თვითონ განმარტოს, რა არის რეალური მიზეზები, რა არის რეალური მოტივაცია ამა თუ იმ მოქმედების უკან. თუ ამის ჯერი იქნა, ამის საჭიროება დადგა, გამოვა საჯაროდ და დამატებითი განმარტებები გაკეთება".
მანამდე, 6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია "Cision"-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის "Credit Suisse" წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო. მიზეზად დასახელებული იყო "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში". "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ეს შეაფასა, როგორც უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის შესაძლო მცდელობა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".


