„ოცნება“ მზად არის, ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს"
10/06/2022 08:53:52 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მძიმეა არაერთ ასპექტში, თუმცა უმთავრესია ის, რომ ევროპარლამენტი უკრაინისა და მოლდოვის უპირობო კანდიდატობას უჭერენ მხარს, ხოლო საქართველოსთვის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობას.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს: ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ოპოზიციას სურს ხელისუფლების მოპოვება ნებისმიერ ფასად.
„დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველო მოწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.
რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.
„ოცნება“ მზად არის ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!
არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".


