ელჩი: "თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს"
10/06/2022 09:17:42 პოლიტიკა
საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს.
"იგი საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენი. იგი დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა. მაშინ, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრაიდრება და ახლაც ველით ამას. ამჟამად იგი გასამართლებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა როგორც თურქეთის მოქალაქე, თუმცა ჩვენ კვლავ ვითხოვთ მის ექსტრადირებას", - ამბობს ელჩი.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვაზე წარუდგინა.
თურქული მედიის ცნობით, 2018 წელს ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა.
თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვით, ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.
2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


