"ამოცანა #1, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაღწევთ, არის ის, რომ ივანიშვილი და ქართველი ხალხი იქნება გამიჯნული ერთმანეთისგან"
10/06/2022 18:44:01 პოლიტიკა
ამოცანა #1, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაღწევთ, არის ის, რომ „ქართული ოცნება" და საქართველოს სახელმწიფო, ივანიშვილი და ქართველი ხალხი იქნება გამიჯნული ერთმანეთისგან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძე ირწმუნება, რომ ფუნდამენტურად იცვლება აშშ-ში და ევროპაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება:
„განსხვავებული მიდგომები იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში და განსხვავებული მიდგომა იქნება ქართველ ხალხთან და საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ექნება შანსი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იქნება კონკრეტული მოქმედებები და სცენარი, მე ეს შემიძლია ღიად ვთქვა, "ქართულ ოცნებასთან", ივანიშვილთან და ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ცრუ ბრალდებებს უყენებს ამერიკას, რომ ვითომ მას საქართველოს ომში ჩართვა უნდა და რაც მთავარია, უარს ამბობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
რაზეც ვისაუბრეთ არის ის, რომ დიპლომატიურმა ენამ უკვე აზრი დაკარგა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ამაზე ყველა თანხმდება და იცოდეთ, რომ ერთ კვირაში, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან. შემიძლია ვთქვა, რომ ფუნდამენტურად იცვლება აშშ-ში და ევროპაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება".


