Accentnews.ge
"თუ კანდიდატობაზე გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ავხდი"

"თუ კანდიდატობაზე გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ავხდი"

11/06/2022 09:02:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, "ყველაფერს ფარდას ახდის".

"ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ეს საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსში და ბრატისლავაშიც. ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას. 17 ივნისს ევროკომისიის მოსაზრება იქნება და, მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მე მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„თუ ჩათვლიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით – უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან ყველაფერს თავი რომ დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S