
"ნატო-ს წესდება მოძველდა და “რამშტაინი” შესაძლოა, ახალი სამხედრო კავშირის პროტოტიპად იქცეს”
13/06/2022 04:15:31 ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ (ნიუ-იორკის ოლქი) ბორის პინკუსთან.
- ამ დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ქვეყანაში ფასების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ვლადიმირ პუტინის გამო ამერიკის მოქალაქეებს უწევთ, ფაქტობრივად, დამატებითი გადასახადი იხადონ” იმის გათვალისწინებით, რომ ფასები პროდუქტზე, ენერგორესურსებზე და ა.შ. სწორედ რუსეთის ლიდერის ბრალეულობით იზრდება. რა ვითარებაა ამჟამად აშშ-ში ფასების ზრდის კუთხით და რამდენადაა შტატები მზად, ამ ფონზე სამომავლოდაც გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს, რათა ეს უკანასკნელი აიძულოს, უკრაინაში აგრესია შეწყვიტოს?
- ამერიკული ეკონომიკის დღევანდელობაზე საუბრისას უპირველესად, ინფლაცია უნდა აღინიშნოს: მან უკვე 8%-ს გადააჭარბა, მაშინ, როცა ნორმა 2%-ითაა განსაზღვრული და ინფლაციის ზრდა კიდევ გრძელდება. სახეზე გვაქვს კვების პროდუქტების ყველა სახეობის, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება. რაც მთავარია, მოგეხსენებათ, აშშ საავტომილო ქვეყანაა და საწვავის ფასი გადამწყვეტია, არადა, სადღეისოდ ნიუ-იორკშიც კი 1 გალონის ფასი 4 დოლარამდეა გაზრდილი, ხოლო ზოგიერთ შტატში, მაგალითად კალიფორნიაში - 10 დოლარამდეც კი.
მოსახლეობა, ბუნებრივია, უკმაყოფილოა. და ეს ყველაფერი მიმდინარე წლის 8 ნოემბრისთვის დაგეგმილი მთავარი არჩევნების წინაპერიოდში ხდება. მოგეხსენებათ, უკვე დღეს, ყოველკვირეულად, ამა თუ იმ შტატში პირველადი არჩევნები ტარდება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სადღეისოდ ამომრჩევლის დღის წესრიგში პირველ პოზიციებს სწორედ ინფლაცია და ფასები იკავებს, უპირველესად - კვების პროდუქტებისა და საწვავის.
მიუხედავად ამისა, უკრაინის დახმარების გაგრძელების თემას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. პირიქით, იგი ამერიკელი ამომრჩევლის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. ამდენად, მინდა, დავამშვიდო უკრაინელები, უკრაინის ყველა მეგობარი და დაგარწმუნოთ, რომ შექმნილი ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ამერიკა საკუთარ პრინციპებს არასოდეს დათმობს. “ლენდ ლიზი” უკვე ხელმოწერილია, უკვე პროცესშია, უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მისი გამოყენებისთვის უკრაინელი სპეციალისტების მომზადება ინტენსიურად გრძელდება და აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ ოფიციალურ დაპირებებზე, ხელშეკრულებებსა და კანონებზე, რომლებიც უკვე მიღებულია ჩვენი კონგრესის მიერ. ამ კუთხით, გარწმუნებთ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
რაც შეეხება ამერიკული ეკონომიკის პრობლემებს, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, ნოემბერში რესპუბლიკური პარტია ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს, არაერთი კანონი გადაიხედება, რათა აშშ ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი სახელმწიფოს მდგომარეობას დაუბრუნდეს, როგორც ეს ექს-პრეზიდენტ ტრამპის დროს იყო. ასე, რომ უბრალოდ ცოტა უნდა მოვიცადოთ და მოვითმინოთ. უკრაინის დახმარება კი იყო, არის და მომავალშიც იქნება – მანამ, სანამ იდგება ამის საჭიროება, უკრაინას არ მივატოვებთ. მით უფრო გამორიცხულია ამ კუთხით ამერიკის თუნდაც იოტისოდენა უკან დახევა დღეს, როცა უკრაინა თავდაცვითი პოზიციიდან შეტევითში იწყებს გადასვლას და აქ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის დახმარებას დიდი სიშორის შეიარაღებით უზრუნველყოფის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ეს შეიარაღება ნელ-ნელა უკრაინაში ჩაღწევას იწყებს.
- დიახ, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ აღუნიშნავს და ეს ფაქტია, რომ უკრაინელებისთვის ესოდენ საჭირო შეიარაღება, რომელიც ახსენეთ, ქვეყანაში მცირე პარტიებით და მეტისმეტად ნელა აღწევს – ამ ომის ყოველი ახალი დღე ხომ ასეულობით ახალი მსხვერპლია …
- უპირველესად, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დახმარების სურვილი ნამდვილად არსებობს. არათუ აშშ, ის ევროპელი ლიდერებიც კი (ვგულისხმობ შოლცს, მაკრონსა და დრაგის), რომლებსაც სურთ პრეზიდენტ ზელენსკის დარწმუნება, დღესვე მიუჯდეს რუსეთთან მოლაპარაკებათა მაგიდას, მშვენივრად აცნობიერებენ უკრაინისთვის ამ ტიპის შეიარაღების მწვავე საჭიროებას. ის, რომ სადღეისოდ უკრაინას უკვე მიეწოდება ფრანგული “ცეზარები”, რომელთა მაღალი ეფექტურობაც უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე დაადასტურეს, ამ სურვილის მორიგი მტკიცებულებაა. თუმცა დაგეთანხმებით და მე პირადად უკიდურესად უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ეს შეიარაღება უკრაინას ჯერ-ჯერობით შეზღუდული ოდენობითა და ნელა მიეწოდება.
ჩემს კითხვას, რატომ მიდის პროცესი ასე ნელა, აშშ-ის თავდაცვის მრეწველობის ექსპერტებმა ასე უპასუხეს: პირველი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობის მორგება იმ პირობებზე, რომელშიც მისი გამოყენება უკრაინელებს შეეძლებათ. ასე, მაგალითად, სადღეისოდ უკრაინას ჰაერივით სჭირდება გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, არა მარტო ანადგუროს შავი ზღვის აკვატორიაში მყოფი რუსული საბრძოლო ხომალდები, არამედ უზრუნვეყოს იმ პორტების განბლოკვაც, საიდანაც მსოფლიოს ესოდენ საჭირო უკრაინული ხორბალი უნდა მიეწოდოს. მაგრამ დიდი სიშორის ამერიკული შეიარაღება უმთავრესად ხომალდებზეა დამონტაჟებული (სახმელეთო ბაზირების საჭიროება უბრალოდ არ გვქონია), ახლა კი სასწრაფო რეჟიმში ხდება გემებიდან მათი დემონტაჟი და მონტაჟი სახმელეთო პლატფორმებზე, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამასთანავე, ამ დანადგარების ელექტრონული შიგთავსი ხომალდების სისტემური ელექტრონული უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილია და ახლა სპეციალისტებს სასწრაფო რეჟიმში უწევთ მისი გადაწყობა ავტონომიურ რეჟიმზე იმგვარად, რომ მან თავად გემების ელექტრონული სისტემის მუშაობას ხელი არ შეუშალოს. ეს ძალზე რთული საინჟინრო სამუშაოა და მისი შესრულებაც სპეციალისტებს სახელდახელოდ უწევთ. მეორე მიზეზი კი თავად უკრაინელი სპეციალისტების მომზადების აუცილებლობაში მდგომარეობს იმგვარად, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში ამ შეიარაღების გზადაგზა მომართვა შეძლონ. ამასაც, სამწუხაროდ, დრო მიაქვს. აი, ეს ყველაფერი აისახება უკრაინისთვის ამ შეიარაღების მიწოდების სისწრაფეზე.
და მაინც, მიწოდებული შეიარაღების რაოდენობა თანდათან იზრდება – ამას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებიც აღიარებენ. ეს კმაყოფილებით აღნიშნა სინგაპურში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც, რომელმაც იქვე უკრაინის სამხედრო დახმარების ინტენსიფიკაციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
- გემსაწინააღმდეგოს კუთხით ყველაფერი გასაგებად აგვიხსენით. მაგრამ რატომ გვიანდება ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, დიდი სიშორის საარტილერიო სისტემების მოწოდება?
- იმ შეიარაღების სიშორე, რომელიც ამ კუთხით უკრაინას ესაჭიროება, 200 კმ-ს არ აღემატება. ჩემი ხედვით, პრეზიდენტი ბაიდენი დიდ შეცდომას უშვებს იმაზე აქცენტირებისას, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს წვდომა ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ სამიზნეებზე, ამიტომაც მისთვის მიწოდებული შეიარაღების სროლის სიშორე 80კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩემთვის გაუგებარია, თუკი მოწინააღმდეგე უკრაინულ ქალაქებს ბელგოროდიდან ბომბავს, მაშინ რატომ არ უნდა დაიბომბოს სწორედ ის ბელგოროდი?! ეს აბსურდია, ეს კრიტიკას ექვემდებარება და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენის მხრივ ამ კუთხით ყოველმხრივ ზეწოლას ვახორციელებთ ბაიდენის ადმინისტრაციაზე. დღეს, როცა კონგრესმენებსა და სენატორებს პირველადი არჩევნები აქვთ, ჩვენ მუდმივად შევახსენებთ მათ ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ, პოპულარობასა და შესაბამისად, არჩევის შანსს მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებიც განწყობილები იქნებიან, უკრაინას ყველა აუცილებელი შეიარაღება დაუყოვნებლივ მიეწოდოს, რათა კიევმა ომში გარდატეხის შეტანა შეძლოს, - ვგულისხმობ უპირველესად, 300 კმ და მეტი სიშორის შეიარაღებას. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ – რესპუბლიკელები მუდმივად ვლობირებთ ამ საკითხს და ვნახოთ, რა გამოგვივა.
- ცალკე მინდა, გკითხოთ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ოდენობაზე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყანას 300-მდე ერთეული ასეთი სისტემა ესაჭიროება. ანუ, საუბარია ასეულებზე, ჯერ-ჯერობით კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ათეულებს ვითვლით… უნდა ველოდოთ თუ არა მოცულობების გაზრდას?
- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსალოდნელია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაცა და ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმაც საჯაროდ უკვე არაერთგზის განაცხადეს, რომ რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებას შორის თანაფარდობა სადღეისოდ 10/1-თანაა და შეუძლებელია ომში გარდატეხის შეტანა მანამ, სანამ უკრაინას საჭირო რაოდენობის შეიარაღება არ მიეწოდება. ეს ჩვენთან არა მარტო მშვენივრად იციან, არამედ აქტიური მუშაობაც მიდის ამ მიმართულებით.
- სინგაპურში უსაფრთხოების აზიურ ფორუმზე ლოიდ ოსტინის გამოსვლა ახსენეთ. იქ მან ისიც განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინული პორტების განბლოკვაში. მაგრამ ჯერ-ჯერობით აშშ ამ მიზნის მიღწევას დიპლომატიური გზებით ცდილობს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმავე ფორუმზე განაცხადა, რომ თუ უკრაინული პორტების განბლოკვა არ იქნება უზრუნველყოფილი, ამას შესაძლოა, გლობალური ქაოსი მოჰყვეს – და არა მარტო სურსათის დეფიციტის კუთხით, არამედ სოციალური აფეთქებებისა და როგორც შედეგი, ტოტალური პოლიტიკური ქაოსის მხრივაც, ანუ, უნდა ველოდოთ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის კრახს. პირველი კვირა არაა, რაც ეს საკითხი აქტუალურობას არათუ არ კარგავს, არამედ სულ უფრო მეტს იძენს, თუმცა ის დღემდე გადაუჭრელია. სათანადოდ აცნობიერებენ თუ არა, თქვენი ხედვით, მსოფლიო პოლიტიკოსები ხსენებული პრობლემის მნიშვნელობას და ხედავთ თუ არა პროგრესს მის გადაჭრაში?
- მართლაც, პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ აღარ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც არ გამოჰხმაურებია შექმნილ ვითარებას. სადღეისოდ დისკუსიები ორი ძირითადი მიმართულებით წარმოებს: 1) იმედს ამყარებენ იმაზე, რომ თურქეთი შეძლებს რუსეთის დაყოლიებას, უკრაინული პორტები რაც შეიძლება, სწრაფად განბლოკოს; 2) არსებობს მოსაზრება ოდესის მიდამოებში სამხედრო დესანტის ორგანიზებისა და იმის თაობაზე, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ვითარებაზე სრული კონტროლი დამყარდეს, პორტი გაიხსნას და ჩამოყალიბდეს დერეფანი რუსეთის მიერ ბლოკირებული ხუთი პორტიდან თუნდაც ერთი ყველაზე მსხვილიდან – ოდესიდან ხორბლის გატანის უზრუნველსაყოფად.
პირადად მე პუტინთან მოლაპარაკებების არ მჯერა, რადგან მას სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. მაგალითად, სულ ორიოდ დღის წინ, სანქტ-პეტერბურგისა და მისი დამაარსებლის – პეტრე პირველისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მან ღია ტექსტით განაცხადა, რომ მართალია, თავიდან უკრაინის “დენაციფიკაციაზე” იყო საუბარი, მაგრამ რეალურად, თურმე, მიზანი დასავლეთით წინ წაწევა და პეტრეს მსგავსად, “ახალი მიწების” დაპყრობა – ან, როგორც ამას თავად პუტინი უწოდებს, “მიწების დაბრუნებაა”. ამგვარად, ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია და ვიმედოვნებ, დასავლეთევროპელი ლიბერალები ახლა მაინც საბოლოოდ გააცნობიერებენ პუტინის რეალურ ზრახვებს.
- სხვათა შორის “მიწების დაბრუნებაზე” საუბრისას პუტინმა ახსენა ნარვაც, რომელიც სადღეისოდ ნატო-ს წევრი ქვეყნის - ესტონეთის ტერიტორიაა. ამას უკვე მოჰყვა დიდი დიპლომატიური სკანდალი, ესტონეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში რუსეთის ელჩიც დაიბარეს…
- დიახ, სწორედ ასეა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ასივე პროცენტით მართალია, როცა ამბობს, რომ უკრაინა დღეს იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ძალიან კარგია, რომ პუტინმა ეს ნიღაბი ჩამოიხსნა – იქნებ ამან იმოქმედოს ნატო-ს ხელმძღვანელობაზეც, ან, გნებავთ, იმავე ბაიდენზეც და საბოლოოდ დაარწმუნოს ისინი, რომ დიდი ხანია, დროა, გადამჭრელი ზომები მიიღონ ამ აგრესორისა და მანიაკის დასაოკებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ პუტინის ამ უტიფარ განცხადებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მათ შორის – უკრაინისთვის და არა მარტო მისთვის დახმარების როგორც დაჩქარების, ისე გაზრდის მიმართულებით.
მეტსაც გეტყვით: დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში, 15 რიცხვში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის სამიტზეც და მის კულუარებშიც ადგილი ექნება “რამშტაინ-3”-ს: ანუ, ლოიდ ოსტინი იწვევს ამ ჯგუფის ყველა წევრსაც იმის შესაჯამებლად, რა გაკეთდა დღემდე, რა ორიენტირები უნდა დაისახოს უახლოესი მომავლისთვის და რა გზით არის შესაძლებელი უკრაინისთვის დახმარების გაზრდა. ვფიქრობ, პუტინის ხსენებულ განცხადებას დიდი ზეგავლენა ექნება ამ განხილვებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული როგორც ნატო-ს სამიტისთვის, ისე “რამშტაინის” საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრისთვის. ამასთან, 23 რიცხვში დაგეგმილია ევროპის საბჭოს სხდომა, ხოლო 28-29-ში – ნატო-ს წევრთა ოფიციალური სხდომა მადრიდში. ვფიქრობ, ბევრი რამ, რაც ჯერ კიდევ გუშინ დაიგეგმა, პუტინის მიერ ახლა უკვე საჯაროდ დეკლარირებული რეალური მიზნის გამო უკრაინის სასარგებლოდ შეიცვლება.
- რა ხდება სადღეისოდ თავად ნატო-ში? ვხედავთ, რომ თურქეთი ამ დრომდე ბლოკავს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მიღებას. ამ დღეებში კი თურქეთიდან მოვისმინეთ პრეზიდენტ ერდოღანის ძალზე არაერთმნიშვნელოვანი განცხადებები საბერძნეთის მისამართით. ზოგიერთებმა ეს განცხადებები მუქარადაც კი აღიქვეს, ანუ, ნატო-ს ერთი წევრი ქვეყნის მუქარად მეორეს მიმართ. რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი და რაში სჭირდება ერდოღანს, თქვენი ხედვით, მსგავსი მოქმედება?
- დავიწყებ იმით, რომ ერდოღანი დიდი ხანია, სერიოზულად არ აღიქვამს ბაიდენს. ყველაფერი, რასაც სადღეისოდ ამბობს ან აკეთებს თურქეთის პრეზიდენტი, მიმართულია არა შვედეთის, ფინეთის ან საბერძნეთის, არამედ სწორედ ბაიდენის წინააღმდეგ. სწორედ ბაიდენთან ვერა და ვერ ჩამოუყალიბდა ერდოღანს ურთიერთობები. სწორედ ბაიდენი სწევს დღეს სრულიად უდროოდ და უადგილოდ ადამიანის უფლებებისა და სხვა თემებს თურქეთში, საუდის არაბეთში და სხვა იმ ქვეყნებში, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ. ასე მოქმედება დიდი შეცდომაა. ყველგან და ყველაფერში პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო. ბაიდენმა კი მსგავსი მოქმედებით სადღეისოდ დაკარგა კავშირი არა მარტო თურქეთთან, არა მარტო არაბულ ქვეყნებთან, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ ნავთობის ფასების ფორმირებაში, არამედ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებთანაც. გაიხსენოთ მათი ამასწინანდელი სამიტი ლოს-ანჯელესში: მას მექსიკის პრეზიდენტიც კი არ დაესწრო, 5-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა ღონისძიებას. ეს იმაზე მუთითებს, რომ ბაიდენმა მოლაპარაკებების წარმოება არ იცის.
როცა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მზარდ დაძაბულობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვა, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეხება თავად ნატო-ს ჩამოყალიბების საფუძვლებსაც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდება მოძველდა და გადახედვას, გარდაქმნას საჭიროებს, ხოლო საკონტაქტო ჯგუფი “რამშტაინი”, რომელიც უკრაინის ომის ფონზე აშშ-ის თავდაცვის მდივან ოსტინისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის ინიციატივით ჩამოყალიბდა, შესაძლოა, ახალი სამხედრო კავშირის პროტოტიპად იქცეს.
- ნატო-ს ალტერნატივაზე საუბრობთ?
- სადღეისოდ საუბარია ან არსებული ნატო-ს საფუძველში ახალი დებულებების ჩადებაზე, რომლითაც ხსენებული საკონტაქტო ჯგუფი შემოვა, ანდაც ნატო-ს რეფორმირებაზე იმდენად, რომ მის საფუძველში მთლიანად ჩაიდოს რამშტაინის ფორმატი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანებში ვიხილავთ რამშტაინ-4-საც, რამშტაინ-5-საც, ანუ ეს ფორმატი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. მით უფრო, რომ ლოიდ ოსტინმა ამ ჯგუფის ყოველთვიურ ფორმატში შეხვედრები დააანონსა. ეს იქნება ჯგუფის წევრთა ყოველთვიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ და იმის თაობაზე, კიდევ რით შეუძლიათ მათ უკრაინის დახმარება.
ამასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ რაღა თქმა უნდა, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად დახურულ კარს მიღმა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მაგრამ ვთვლი, რომ ბაიდენისთვის აუცილებელია, სასწრაფოდ შეცვალოს თავისი საქმიანობის მიმართულება არა მარტო დიპლომატიურ, არამედ სამხედრო-სტრატეგიულ დონეზეც. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით მას აზრთა სხვადასხვაობა აქვს იმავე ბლინკენთან და ოსტინთან, რომლებიც ძალზე მეგობრულად არიან განწყობილი უკრაინის მიმართ. ამავდროულად, არსებობს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის - ჯეიკ სალივანისა და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ამჟამად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ბერნსის ჯგუფები, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ერთგვარად ლიბერალურ პოლიტიკას აწარმოებენ და ეს აისახება ბაიდენის ქმედებებზე. აი, ამგვარი შიდა წინააღმდეგობები გვაქვს სადღეისოდ აშშ-ში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021