ხუნდაძე: "ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია"
13/06/2022 06:48:30 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ "მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია იმის გამო, რომ მისთვის ქვეყნის ღირსება უპირატესია".
"დღეს ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, არასწორი - არავისთვის! მით უმეტეს ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და ყოველგვარი სეგმენტაციის გარეშე უნდა იქნას მიღებული. წესები უნდა დავიცვათ ქვეყნის შიგნითაც. და თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც.
ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან", – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
ამასთან, იგი სახალხო დამცველს აკრიტიკებს:
"რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?! ლომჯარია “მიბრძანებს” რომ გავჩუმდე: - „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც! მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე! შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს!".
ცნობისთვის: ხუნდაძემ 10 ივნისს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" მიწოდებულ განცხადებაში განაცხადა, რომ "თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას".
მოგვიანებით, დიმიტრი ხუნდაძის კომენტარი, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს "ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა" და რომ „უსამართლო პირობები“ არ უნდა შევასრულოთ, მისმა თანაპარტიელმა ანრი ოხანაშვილმა ემოციებს დაუკავშირა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცნაურად გაემიჯნა. კერძოდ, ვოლსკი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ეს პარტიის ოფიციალური პოზიცია არაა, ხოლო მეორეს მხრივ – "საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს". თუმცა მას ამის დასტურად რაიმე სახის კვლევა არ წარმოუდგენია.


