Accentnews.ge
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და განაწყობენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, არავის არაფერი გამოუვა"

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და განაწყობენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, არავის არაფერი გამოუვა"

13/06/2022 09:25:33 პოლიტიკა

"ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია", – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი გამოუვა":

„რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს: ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების მოცილება, ქვეყნის იმ მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S