
„თუ სტატუსს მხოლოდ საქართველო არ მიიღებს, აქ რუსული პოზიციები გაძლიერდება და ეს უნდა გაითვალისწინონ!“
13/06/2022 11:30:00 ინტერვიუ
ინტერვიუ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ თორნიკე შარაშენიძესთან.
– ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინს თან გასდევს კონფრონტაციული ტონი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება და არის მოლოდინი, რომ ახალ „სიმაღლეზე“ ავა. თქვენი გამოცდილება და დაკვირვება რა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ, ამით რის მიღწევას ცდილობს მმართველი გუნდი?
– მგონია, რომ რაღაც მცირე შანსი მაინც არსებობს მოლდოვა–უკრაინას მისცენ სტატუსი და ჩვენ არა და ცხადია, წინასწარ თავის დაზღვევა ხდება, გადაბრალება ოპოზიციაზე. ოპოზიციიდან ვიღაც შესაძლოა, მართლაც ცდილობდეს რაღაცას, ეს არაა გამორიცხული, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში რომ იყოს, ამ მცდელობით არაფერი გაფუჭდებოდა. ნიკა გვარამია [„მთავარი არხის“ გენდირექტორი – რედ] რომ არ დაეჭირათ, 5 ივნისს ის საშინელება რომ აეცილებინათ თავიდან, მსგავსი პოზიცია არ იქნებოდა ჩვენთან დაკავშირებით.
– ან რეაგირება მაინც რომ ჰქონოდათ ადეკვატური ძალადობის ორგანიზატორებთან დაკავშირებით...
– რა თქმა უნდა. რაღაც რეაგირება შემდეგ შესაძლოა, ჰქონდათ, მაგრამ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა, ადამიანი დაიღუპა შემდეგ. სწორედ ამაშია საქმე. თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, ვერავინ ვერაფერს გაგიფუჭებს.
– რას ჰგონიათ, რომ მიიღებენ ამ ტონით, თუ ფიქრობთ, რომ ეს ძირითადად შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი?
– საგარეოზეც. საქმე იმაშია, რომ უცხოეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ ხელისუფლებაში ამდენი ხანი რომ ხარ და ლობისტები მაინც პრობლემას გიქმნიან, ეს ორი რამით აიხსნება: ვერ მუშაობ უცხოელებთან ისე კარგად, მეორე – ქვეყნის შიგნით საქმე ისე კარგადაც არ გაქვს. ამ შემთხვევაში ორივე ერთმანეთს ემთხვევა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მართლა სისულელე ეწერა – საქართველო თურმე სანქციებს იმიტომ არ შეუერთდა, რომ ივანიშვილს კავშირები აქვს რუსეთთან.
– და რატომ ვერ შეძლეს მათი გადარწმუნება?
– აი, ის ორი მომენტია, რომელიც ვახსენე. „ოცნების“ მოწინააღმდეგეები მარტივად „ყიდიან“ თავიანთ სათქმელს, რომ „ივანიშვილი რუსეთის კაცია“ და ამით აიხსნება. საქართველო პრინციპში, ცუდად არ იქცევა ამ ომის [უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის – რედ.]დროს, მაგრამ განცხადებები კეთდება [„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან – რედ.] უაზრო და გაუგებარი, რაც საფუძველს აძლევთ „ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც.
– ამ განცხადებებზე მორატორიუმის აღებას წინ რა უდგას? ამ განცხადებებს რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეთ?
– არ ვიცი. ეს ნამდვილად გაუგებარია.
– ბოლო დღეებია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გვესმის, რომ დაველოდებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას და შემდეგ „ყველაფერს ფარდა აეხდებაო“. როგორ გესმით ეს გზავნილი?
– დაშანტაჟებად ვერ შევაფასებ, რადგან ასეთი რამით ვერ დააშინებ [დასავლეთს – რედ], უბრალოდ კვლავ შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. არ არის გამორიცხული, შემდეგ ითქვას, „ჩვენ რაღაც მოგვთხოვეს, მაგრამ არ გავაკეთეთ, ქვეყანა არ ჩავრთეთ ომში და ამიტომ დაგვსაჯეს“ – არაა გამორიცხული შემდეგ მსგავსი ხაზით დაიწყონ საუბარი.
– პრინციპში, ამისთვის ნიადაგი შემზადებულია: გასული თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით მინიშნებები იყო...
– დიახ, იყო და ვფიქრობ, ამის გაგრძელება იქნება. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელების მხრიდან ზოგიერთი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი იყო. შესაძლოა, კულისებშიც რაღაც ხდებოდა, რაც ჩვენ არ ვიცით. ვერაფერს ვიტყვი.
– იმ ფონზე, როდესაც პარტნიორების მხარდაჭერაზეა ქვეყანა დამოკიდებული ბევრი მიმართულებით და ქვეყნის ხელისუფლება მათთან მსგავს კონფრონტაციაში შედის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რისი იმედი აქვთ?
– ახლა რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, მე მგონი, „ოცნება“ისევ მოიგებს (ომის და მშვიდობის შესახებ გზავნილებით) და მათთვის სწორედ ეს არის მთავარი. ხოლო დასავლეთმა საქართველოს ბოლომდე ზურგი რომ აქციოს, მართალი გითხრათ, არ მგონია. სტატუსი შესაძლოა, არ მივიღოთ, მაგრამ ბოლომდე ზურგის შექცევა არ მგონია, მოხდეს.
– ანუ, ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა, ამაზე ამყარებდეს იმედს, რომ ხელს მაინც არ „გაგვიშვებენ“ და სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და ა.შ. უამრავი მიმართულებით, კვლავ შენარჩუნდება?
– კი ბატონო.
– და სტატუსზე რა გადაწყვეტილებას ელით? „ყველაფერს ფარდას ავხდითო“ გვიანონსებენ...
– პირობები ყველა შემთხვევაში იქნება და ეს არაა ტრაგედია. ყველაზე რეალური ვარიანტი მგონია, რომ სამივეს მოგვცენ [სტატუსი – რედ]; მეორე, ნაკლებად რეალური – არც ერთს არ მოგვცენ და შემდეგ ყველაზე ნაკლებად რეალური – მხოლოდ ჩვენ არ მოგვცენ.
და ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მეტწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება რეგიონის კონტექსტში.
რაც შეეხება „ფარდის ახდას“, პირობების შემთხვევაში [სტატუსის პირობებით მონიჭების – რედ.] არ ველი, ეს უფრო უარის შემთხვევაში იქნება და იმედი მაქვს, წითელ ხაზებს არ გადაკვეთენ [სახელისუფლებო პარტია].
– ვარაუდობთ, რომ სტატუსს პირობებით მივიღებთ...
– დიახ და ეს არაა ტრაგედია.
– ცხადია, როდესაც ქვეყანა მზად არაა, პირობები უკეთესი ვარიანტია, რადგან ჩვენი მიზანი ხომ რეფორმებია, რომ შედეგი ჩვენს ცხოვრებაზე აისახოს, მაგრამ მმართველ გუნდს შენიშვნების მიმართ აბსოლუტური მიუღებლობა აქვს...
– მგონია, რომ მშვიდად მიიღებენ შენიშვნებს [მმართველი გუნდი – რედ], მაგრამ რამდენად განახორციელებენ რეკომენდაციებს, ეს კიდევ სხვა თემაა. ვფიქრობ, ევროკავშირმა ერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოს – თუ სტატუსს არ მისცემს საქართველოს და მისცემს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იქნება იმედგაცრუება არა მხოლოდ „ოცნებით“, დასავლეთითაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შემდეგ რუსული პოზიციები გაძლიერდება და ეს უნდა გაითვალისწინონ. თუ ვინმეს აქვს მოლოდინი დასავლეთში, რომ ამის შემდეგ ხალხი გამოვარდება და ახალ „ვარდების რევოლუციას“ მოაწყობს ... „ვარდების რევოლუცია“ აღარ ხდება. შესაბამისად, ეს უნდა გაითვალისწინონ და სჯობს, მაინც მოგვცენ სტატუსი – ეს მათ მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს იგივე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, სხვა თუ არაფერი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021