ღარიბაშვილი –აკერმანზე: "პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს"
13/06/2022 11:05:03 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პიტერ აკერმანის გარდაცვალებით საქართველოში არსებულ „დესტრუქციულ ძალებს პატრონი მოუკვდათ“. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც დაწყებული კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და აქ რევოლუციის მოწყობა უნდოდათ, არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ერთ-ერთი ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ბატონი აკერმანი, რომელიც საჯაროდ ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული "მეხუთე კოლონა", რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა შემდეგ ეს ცალკე თემაა. მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ ე.ი. ამ დესტრუქციულ ძალებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აპრილის დასაწყისში აკერმანმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აკერმანთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, "თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით".
პიტერ აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.


