
ოკუპირებული ახალგორის გზა 4 დღით გაიხსნა
13/06/2022 15:52:36 კონფლიქტები
ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა 4 დღით გაიხსნა.
ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ამჟამად მოსახლეობა გადაადგილების უფლებით სარგებლობს. თინიკაშვილის განცხადებით, ე.წ ახალი პრეზიდენტი დანაპირების შესრულებას შეუდგა და პირველ ეტაპზე, გზის თვეში ხუთიოდე დღით გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა მანამდე დაწერა, რომ გადაადგილება სხვადასხვა დოკუმენტით იქნება შესაძლებელი:
„13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით იხსნება გზა. გადაადგილება იქნება პასპორტით, საშვით, ვადაგასული საშვით, ნებისმიერი დოკუმენტით, რომლითაც გზის დაკეტვამდე გადაადგილდებოდით“.
ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნის პირობა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორელებთან წინასაარჩევნო შეხვედრისას დადო.