"დროა" 9 მოსამართლის, მათ შორის მურუსიძის, ჩინჩალაძის და ჩხიკვაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს
14/06/2022 11:12:50 პოლიტიკა
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 9 მოსამართლის საქმიანობაზე ისაუბრა და მათი სანქცირება მოითხოვა.
პარტია "დროას" ლიდერი შემდეგი მოსამართლეების სანქცირებას მოითხოვს:
1. მიხეილ ჩინჩალაძე- ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მაგალითად ლევან მურუსიძე, მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.
2. ლევან მურუსიძე- გახსოვთ ალბათ, ლევან მურუსიძე გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება, მათ შორის არც პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების და თავისი მიკერძოებულობის ჩვენებას. მას ღიად ეძახიან ლიდერს ამ სისტემაში. ის არის კლანური, მაფიოზური სასამართლო მმართველობის ლიდერი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.
3. შალვა თადუმაძე- ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში იმისთვის რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უკვე უზენაეს სასამართლოში, იმისთვის რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა.
4. გიორგი მიქაუტაძე- ეს არის ასევე უვადო მოსამართლე უზენაესში და ის იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი, მაშინ როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა და ის ასრულებდა აბსოლუტურად ღიად, ყველა პოლიტიკურ დავალებას.
5. ლაშა ჩხიკვაძე- ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც პრაქტიკულად ნაწილობრივ სანქცირებულიც არის, ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა სადაც დაიღუპა ადამიანი, მას შემდეგ გაიხსნა საქმე და საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისათვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და მან შეასრულოს პოლიტიკური დავალებები. გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელზეც მყისიერად მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა და amnesty international-მა მოუწოდა საქართველოს, რომ ის დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, ამიტომ რა თქმა უნდა, ლაშა ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი სიმბოლო პოლიტიკური მართლმსაჯულების.
6. ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები- ძმები, ოჯახური ბიზნესი კლანური, რომელთა ხელშიც გადის და გადიოდა თავიდანვე ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე, რამდენიმეს ჩამოვთვლი, ეს არის კაბელების საქმე, ციანიდის საქმე, რურუას საქმე. ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები.
7. ირაკლი შენგელია- ეს არის შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენი ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ყავს დასაქმებული ამ სისტემაში და თქვენ ალბათ მოგისმენიათ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ ეს კლანური სისტემა მათშორის ეყრდნობა ნათესაური კავშირების ძალიან მყარ გაჯერებას სასამართლო სისტემაში.
8. სერგო მეთოფიშვილი- საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".
ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტია ამ ადამიანებზე არსებულ ინფორმაციას მიაწვდის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს და მოითხოვს მათ დასანქცირებას.
ცნობისთვის: 10 ივნისს ხოშტარიამ 5 "პატარა ოლიგარქის" დასანქცირება მოითხოვა. ესენი არიან : დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი.


