„ფარდა ჩვენზეა ახდილი“ – პრეზიდენტი საქართველოს ლიდერის პოზიციიდან უკან დახევის მიზეზებს ასახელებს
14/06/2022 17:55:49 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი მხოლოდ უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება.
ამასთან, მისი თქმით, „კანდიდატურის საკითხში ჩვენი ადგილის უკან დახევა ხელისუფლების და ნაწილობრივ ოპოზიციის ქმედებების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია“.
სალომე ზურაბიშვილმა ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რომელთაც საქართველო მოწინავე პოზიციიდან უკან დახიეს ასოცირებული ტრიოს დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც საქართველოში შედგა უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით:
„ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილებები. პირველია შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება – კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადე ანულირება; შემდეგ 5 ივლისის საქმეზე ქმედითი გადაწყვეტილებების არმიღება; ევროკავშირის 75–მილიონიან სესხზე უარის ისე თქმა, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება; უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს; სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები; ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა; შემდეგ ცესკო–ს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა; უზენაეს სასამართლოში დეკემბერში ოთხი მოსამართლის დაჩქარებული წესით დანიშვნა, როცა გვთხოვდნენ დროებით გაჩერებას; შემდეგ დეკემბერში სასწაული – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული წესით; შეიძლება ესეც ვახსენო, რომ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში (მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას კი და თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ); და ბოლოს მიყურადების შესახებ კანონი ცვლილებების აჩქარებული წესით შეტანა“.
მისი თქმით, „ეს ყველაფერი გარედან იკითხება ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, ვიაროთ ამ მიმართულებით და შესაძლოა, სხვა რამ გვაინტერესებდეს“:
„უმოქმედობაც არ დაგვაკლდა ამ ქმედებების გვერდით: არჩევნების და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ქვეყანაში – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი – არ ყოფილა მთავრობის მხრიდან. არც აშშ–ში და არც კანადაში. ჩვენთან მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები შესამჩნევად შემცირდა. ესეც ხომ რაღაცის მანიშნებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ?! ამავე დროს ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით! ბალტიის სამივე ქვეყანა ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე; პოლონეთი, რომელიც ესოდენ ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინაც. თვითონ შარ მიშელი სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა როგორც ჩვენი ერთ–ერთი ინსტიტუციური მხარდამჭერი. მაგრამ მას აღარ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს მხარეს დადგეს – მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს?!“. გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა. ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდით!“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ–ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს“.
პრეზიდენტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მეგობარი ქვეყნის მიმართ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება გამოვიჩინეთ, ახალი კითხვები გავაჩინეთ.


