"არა და არასდროს" - "სირცხვილიას" პასუხი პრეზიდენტს
14/06/2022 18:10:08 პოლიტიკა
"არა და არასოდეს!" - ასე უპასუხა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, გადადონ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია.
ზურაბიშვილმა მოძრაობა "სირცხვილიას" მიმართა, გადადოს 20 ივნისს დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც, მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".
მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გალეჩვა-გაყოფის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს.
„ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზეხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


