Accentnews.ge
ზურაბიშვილი:"ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, მეორე ფრონტის თემა მოგონილია"

ზურაბიშვილი:"ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, მეორე ფრონტის თემა მოგონილია"

14/06/2022 18:28:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არასწორ ნაბიჯებს ან უმოქმედობას, რომლითაც მმართველი გუნდი იყო დაკავებული, დაემატა რომ პარტნიორებში კითხვები გავაჩინეთ.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება და „მეორე ფრონტის“ თემა ახსენა, რომელსაც ის მოგონილს და ტყუილს უწოდებს.

„ტრადიციებით ვიცით, რომ მეგობარი ქვეყანა როდესაც ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არ შევიდეთ რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს დაგვავიწყდა. კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა არის ასევე გაუგებარი ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც – თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებზე, თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამასთან, ვაკრიტიკებთ სხვებს, ვინც შეუერთდა და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა. და ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს (ევროკავშირზე მაქვს საუბარი) უარყოფითად, „უშედეგო იქნებაო“ – მათ ვეუბნებით. წარმოიდგინეთ, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ გვთხოვს, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“,– აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან არც ერთ შეხვედრაზე „მეორე ფრონტის“ საკითხი არ დასმულა:

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ (და მე ერთადერთი ვარ, ვინც ვიყავი აშშ–ში, ევროპაში და მქონდა მაღალი დონის შეხვედრები და რეალ–შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს შესაძლოა, არ ეუბნებიან), რომ არც ერთი ჩვენი პარტნიორისგან არსად, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ „აბა თქვენ სად ხარ, რატომ არ არის მეორე ფრონტი? რას აპირებთ? მოდით, თქვენც მიიღეთ მონაწილეობაო“. ეს არ არსებობს! არის მოგონილი! არის ტყუილი! და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ! ერთადერთი, საიდანაც მართალია, რომ გაისმა მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც ვიცით, რომ არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ, ომში მყოფ უკრაინას შესაძლოა, გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება, იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ. მე თავად გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს, არ ვაპირებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს მოსახლეობას მივუბრუნდეთ და ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა, რომ შერიგებით, გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. ეს ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი არ არის!“,– განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ეს არც იმას ნიშნავს, რომ თემა ქვეყანაში განვავითაროთ და მოსახლეობა შევაშინოთ, რომელიც ყოველდღიურად ეკრანიდან უყურებს, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ „შენი არჩევანია, ან ეს შენც მოგივიდეს, ან შეეგუო ხელისუფლებას და არაფერი მოსთხოვო“.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს, რომ მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. ამ კონტექსტში მან „ტვ იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევასაც გამოეხმაურა, სადაც კითხვა იყო შემდეგი ფორმულირებით, თუ რა უნდა ქნას საქართველომ, თუ დასავლეთმა მას ომში ჩართვა მოსთხოვა? მანამდე მსგავს ცრუ დილემებს ავრცელებდნენ პროსახელისუფლებო ექსპერტები და შემდეგ უკვე მმართველი გუნდის წევრები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს:

„მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს, „გორბის“ კითხვები ამ კუთხით აბსურდულია! ამასაც ვიტყვი, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ასე რომ იყოს კითხვა დასმული, ყველა უპასუხებს, რომ ომი არ მინდა! ან ვის უნდა?! უკრაინელებს უნდოდათ?! ეს იდეა შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია.

ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია, ამ აზრებს არ გავყვე – ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ? გავუგოროთ? ამ კითხვებზე არ ვუპასუხებ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S