ჯაფარიძე: „16–ში აქციის დაანონსება მოსახლეობაში დაბნეულობის შეტანას ემსახურება“
14/06/2022 19:27:59 პოლიტიკა
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას FACEBOOK-ზე შემდეგნაირად ეხმიანება :
„16–ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისი არის თარიღი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.
მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია, შეუძლია, მივიდეს 16 ივნისის აქციაზე.
მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან, ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!“.
ზურაბიშვილმა მოძრაობა "სირცხვილიას" მიმართა მოწოდებით, გადადოს 20 ივნისისთვის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც, მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".
"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს! თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გახლეჩა-გაყოფის", – აღნიშნა მან.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, "თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს".
„ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით: თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა


