"თუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა"
15/06/2022 09:10:38 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, ვეტო დაედო იმ კანონებისთვის, რომლებიც 14 ივნისს ბრიფინგზე გააკრიტიკა და ასევე შეეძლო, გამოეყენებინა შეწყალების უფლება.
"იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს, მაგალითად, მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირისა და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე. თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, რადგან თუ იგი თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები მიიღეს, რომელთა მიღებაც იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენება შეუძლია და მე ნიკა გვარამიასთან დაკავშრებით მივმართე კიდევაც. რატომღაც მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს, ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები – მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად, რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, რომ თუკი მას აქვს პრეტენზიები მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


