ლომჯარია მოქალაქეებს 16 და 20 ივნისის აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებს
15/06/2022 09:16:45 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 16 ივნისისა და 20 ივნისის აქციები ერთმანეთს ხელს არ უშლის და საზოგადოებამ ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს.
"ვფიქრობ, რომ ახლა არ არის ნამდვილად დრო, რომ საზოგადოება დაიყოს. მე მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ასევე ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან, ვფიქრობ, რომ ყველას შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს", – აცხადებს ლომჯარია.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ 16 ივნისის აქციას შეუერთდეს:
"შეიძლება წავიდე, ვერ გეტყვით ჩემი პირადი გეგმები ხვალ რა იქნება, მაგრამ მხარს ვუჭერ ზოგადად ყველა აქციას, რაც ამ მოთხოვნით ჩატარდება".
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.


