"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის"
15/06/2022 09:51:37 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში დღეს ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.
ამის შესახებ მან მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინის, საქართველოს, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს, ასევე – ევროკავშირის წარმომადგენელს. ეს ერთის მხრივ, იქნება შესაძლებლობა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას სასწრაფოდ, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, ნატო–ს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერის ახალი განცხადებები გააკეთონ. მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების ჩათვლით. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
29-30 ივნისს დაგეგმილ მადრიდის სამიტში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კი სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს სამიტზე მიწვევა ალიანსის მხრიდან მისდამი სოლიდარობისა და ახლო პარტნიორობის გამოხატულებაა:
“საქართველო მიწვეულია, რათა ლიდერებთან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამოხატულებაა იმ სოლიდარობის და ახლო პარტნიორობის, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს. მე ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გაზარდონ სხვა პარტნიორებისადმი მხარდაჭერა, ვინც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან, რა თქმა უნდა საქართველოც ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე შეიჭრა საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე, აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილებს. შესაბამისად, მე ასევე ველი, რომ პარტნიორები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ პრაქტიკული პარტნიორობა, ის თუ როგორ ვმუშაობთ ერთად, წვრთნებზე, უნარებზე, რეფორმებზე, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი რომ შეეწინააღმდეგოს რუსეთის შეჭრას და [რუსეთის მხრიდან] საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობას“.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 15–16 ივნისს ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება.


