კობახიძე – პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე: "მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ"
15/06/2022 10:41:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის - ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა", – განაცხადა კობახიძემ.


