Accentnews.ge
ძაბირაძე: „ზღვარზე ვართ! შიში მოიხსნება და თუ წარმმართველი ძალა არ იქნება, პროცესი ქუჩაში გადავა!“

ძაბირაძე: „ზღვარზე ვართ! შიში მოიხსნება და თუ წარმმართველი ძალა არ იქნება, პროცესი ქუჩაში გადავა!“

15/06/2022 13:23:24 ინტერვიუ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „აქცენტი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

– ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა მკაფიო გახდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. იგივე 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ დეტალურად მიმოიხილა ნაბიჯები თუ უმოქმედობა, რამაც მისი ხედვით, საქართველოს მოწინავე პოზიციები დაათმობინა. იმავდროულად, ზურაბიშვილი თავს არიდებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რის შესაძლებლობასაც მისი შეზღუდული უფლებამოსილება იძლევა. მაგალითად, ერთის მხრივ, მან გააკრიტიკა სახელისუფლებო გუნდის მიერ რიგი კანონების მიღება, თუმცა ვეტო არ გამოუყენებია; ისაუბრა ნიკა გვარამიას დაკავების უდროობაზე და არც ამ შემთხვევაში იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს. ანუ საუბარი, მაგრამ ნაკლები ქმედება – ეს რით არის განპირობებული?

– ვფიქრობ, პრეზიდენტი ფაქტობრივად, გაემიჯნა დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მეორე ბანაკში გადაინაცვლა. ის ლავირებას ცდილობს ამ ორ ბანაკს შორის („ქართული ოცნების“ და ოპოზიციის, კერძოდ, ენმ–ის). ცდილობს, ნეიტრალური იყოს და თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან იმგვარ კრიტიკას, რომ ვთქვათ, „პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობას“ მიეკედლაო“. ამით არის განპირობებული, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას იგივე გვარამიასა და სააკაშვილთან დაკავშირებით. ხოლო თუ კანონებზე ვილაპარაკებთ, ალბათ, თვლიდა, რომ ეს არაფერს შეცვლიდა – უმრავლესობა მაინც დაამტკიცებდა. თუმცა ვეტო–ს გამოყენება მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, სჯობდა, გამოეყენებინა. როგორც ჩანს, ნელ–ნელა ცდილობს დისტანცირებას და ამითაა ეს ყველაფერი განპირობებული.

თუ დააკვირდებით, „ქართული ოცნების“ მისამართით მისი ხისტი და მკვეთრი კრიტიკა დაიწყო ბრიუსელში მისი წინა ვიზიტის დროს, როდესაც მმართველმა გუნდმა ის გააკრიტიკა, „სცდება კონსტიტუციასო“.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ გახდა მეტად კრიტიკული. მაშინ განაცხადა, რომ მთავრობამ ბრიუსელში გამგზავრებაზე უარი უთხრა, თუმცა მან ვიზიტი აუცილებლად მიიჩნია და გაემგზავრა კიდეც...

– დიახ, ამის შემდეგ დაიწყო „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაზე გადაერთო – ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. ჯერ–ჯერობით გამოსდის, მაგრამ წინ კიდევ დიდი დროა.

ბევრს პრეზიდენტის სწორედ მსგავსი პოზიციონირება უჩენს განცდას, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად საკუთარი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, „ევროპული კარიერის“ გადარჩენას ცდილობს. თავადაც დააანონსა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ამბიციები არ ექნება, ხოლო მისი მჭიდრო კავშირები ევროპასთან, განსაკუთრებით , საფრანგეთთან, ცნობილია...

– თუ მის ასაკსაც გავითვალისწინებთ, ძალიან ჰიპოთეტურია განცხადება, რომ საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს საქართველოში თუ ევროპაში: შეიძლება, ითქვას, რომ გამონაკლისი აშშ–ის პრეზიდენტია, დანარჩენები კი საკმაოდ ახალგაზრდები არიან ევროპულ პოლიტიკურ სპექტრში. ამდენად, ნაკლებად ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური კარიერისთვის აკეთებს რამეს. თუმცა, მეორეს მხრივ, მას ნამდვილად არ სურს, იგივე ევროპაში მასზე შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ არის მიკერძოებული ან დასავლური ღირებულებებისადმი გულგრილი და ეს გასაგებიცაა – საკუთარ იმიჯზე ფიქრობს, მაგრამ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით.

ის, რომ პრეზიდენტი ამ ორად გახლეჩილ საზოგადოებაში ბალანსირებას ცდილობს, ეს მაინც სწორი ნაბიჯია. ის ორ „ცეცხლს შუა“ მოექცა – როგორც მოსალოდნელი იყო (ეს ალბათ, თავადაც იცოდა) „ქართული ოცნებისგან“ და ოპოზიციისგანაც მიიღო კრიტიკა და ამას უნდა გაუძლოს.

– და რისი გაკეთება შეუძლია?

– ვფიქრობ, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. თუ გინდა, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნო, გარკვეული კომპრომისებია საჭირო როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ. რაც შეეხება ქვეყნის იმიჯს, 16–ში აქცია დააანონსა, იქნება მიმართვა ევროკავშირის მიმართ, ცდილობს, 27 ქვეყნის ლიდერები დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ... ეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ქარტეხილი გარკვეული დროის შემდეგ გაივლის. აქ მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე არაა ლაპარაკი: იმ მესამე ნაწილს, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, რაღაცნაირი ჩამოყალიბება და გამაგრება სჭირდება. თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეძლებს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი რაღაცნაირად დაამაგროს, როგორც მესამე ძალა, ეს ძალიან კარგი იქნება. ცხადია, არ ვგულისხმობ, რომ მათი ლიდერი გახდეს. მაგრამ ის, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ენმ–ს შორის იარსებებს კიდევ სხვა ძალა – არა წვრილი პარტიების არითმეტიკული ჯამი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს ნიშნავს, რომ კონსოლიდაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოხდეს. ვის ირგვლივ და როგორ, ეს ცალკე თემაა.

– მათ „შუაშისტებს“ უწოდებენ, მაგრამ მათთვის რისი გაკეთება შეუძლია პრეზიდენტს, მით უფრო, თუ პარტიას არ შექმნის? და რომც შექმნას, მის მიმართ არც იმხელა მხარდაჭერა იგრძნობა, „მესამე ძალად“ იქცეს....

– პარტიის შექმნას არ ვგულისხმობ. როგორც თქვენ ბრძანეთ, ე.წ. „შუაშისტებს“ ორიენტირი სჭირდებათ და ინსტიტუტი იქნებოდა ეს ორიენტირი. როდესაც არსებობს ორი დაპირისპირებული ძალა და წვრილი პარტიები, პრეზიდენტის ინსტიტუტი უკვე ორიენტირია და სწორედ ამას ვგულისხმობ.

– კეთილი, ამ ვითარებაში ვიტყვით, რომ პრეზიდენტი მეტ–ნაკლებად გამოხატავს ჩვენს პოზიციას და ეს შემდეგ რაში უნდა კონვერტირდეს?

– ალბათ უფრო მსხვილი პოლიტიკური დაჯგუფებები უნდა შეიქმნას ამ წვრილი პარტიებიდან ან ახალი ოპოზიცია გამოჩნდეს. მაგრამ ამომრჩევლისთვის თავად ის გარემოება, რომ თურმე არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ბალანსირებს ორ ძირითად ძალას შორის, მნიშვნელოვანია. იგივე „ქართული ოცნების“ და ენმ–ის ამომრჩეველიც უნდა მიეჩვიოს, რომ არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ერთსაც და მეორესაც აკრიტიკებს. დღეს ორივე ძალა ერთმანეთის „გაშავებას“ ცდილობს იმისთვის, რომ „შუაშისტური“ ჯგუფის პოლარიზება მოახდინონ. თუ პრეზიდენტი ამ მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ფორმირება როგორ მოხდება, ეს ცალკე თემაა, რადგან წვრილ პარტიებსაც უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ფსიქოლოგიურად გადატყდება ორპოლუსიანობის თემა და შესაძლოა, წვრილი პარტიების გამსხვილებაც მოხდეს. აი, ეს არის გასაკეთებელი, რაც სადღეისოდ ჩანს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა პოლიტიკურ სპექტრზე მეტ–ნაკლებად კი ისაუბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კიდევ ბევრი თემაა, მათ შორის, პოლარიზებული მედია, არასამთავრობო სექტორი, ის ადამიანები, რომლებიც არც ერთი ბანაკს არ მიეკუთვნებიან, საზოგადოებრივ კლიმატს ვერ ქმნიან, რადგან ცოტანი არიან, პრეზიდენტს ამ თემებზე საუბარი შეუძლია. ჩემი და მისი განცხადება ერთი და იგივე არაა.

– ამას შესაბამისი ავტორიტეტიც სჭირდება...

– თუ პრეზიდენტი ჩვენს მიერ ხსენებულ პოზიციას დაიჭერს, ავტორიტეტი აქ გამოჩნდება. მესმის, რასაც ბრძანებთ, მაგრამ ახლა ხომ დაიძრა იმ „მკვდარი წერტილიდან“? ის ნელ–ნელა საინტერესო გახდა.

– როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კონტექსტში მისი პოზიციონირება და საქართველოს იმიჯის დაცვის მცდელობა თანხვედრაში მოვიდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილის განწყობასთან და საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ეს აისახა კიდეც მისი მოწონების რეიტინგულ მაჩვენებელზე. მაგრამ ამის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში მმართველი გუნდის წევრებისგან გვესმის ომის და მშვიდობის თემა, დასავლეთზე მინიშნება, თითქოს ომში ჩათრევას ცდილობენ და ეს დაშინების მცდელობა მუშაობს...

– დიახ, მუშაობს, მაგრამ თუ პრეზიდენტი ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს, ნელ–ნელა იძულებულები გახდება როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და მათ შორის, მედიაც, მას გაუწიოს ანგარიში. ეს „ბეწვის ხიდზე“ სიარულია – თემებიც ფრთხილად უნდა შეარჩიოს და მოზომილი განცხადებები გააკეთოს. ამ ურთიერთდაპირისპირებიდან უნდა გამოვიდეთ და ეს ერთბაშად არ ხდება, ან როცა ხდება, ეს რევოლუცია ან დაპირისპირებაა, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან მსგავს შემთხვევაში გარემო არასტაბილურია. ამიტომ, პრეზიდენტმა თემები უნდა აარჩიოს და ნელ–ნელა დაიწყოს მათზე მუშაობა. მაგალითად, ყველა ამბობს, რომ პოლარიზაცია არ გვინდა, მაგრამ ყველა მის გაღრმავებაზე მუშაობს. აქ ზოგადი განცხადებები არ კმარა, ამას კონკრეტული თემები და კრიტიკა სჭირდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის. რეალურად საზოგადოებას ეს დაპირისპირება არ აინტერესებს. უცნაური რამ ხდება: თუ ადრე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ გაუცხოება ხდებოდა, დღეს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართაა გაუცხოებული და ეს გაცილებით მძიმე ვითარებაა – ეს ქმნის ნიადაგს, რომ საერთოდ უცნობი ადამიანი შემოვარდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.

– მღვრიე წყალში თევზის დაჭერაზე საუბრობთ...

– დიახ. დღეს საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი არსებობს, მაგრამ მას არასტაბილურობის მოლოდინი და შიში თრგუნავს. გარკვეული დროის შემდეგ ეს შიში მოიხსნება და მაშინ თუ წარმმართველი ძალა არ იქნება ასპარეზზე, პროცესი ქუჩაში გადავა. 2012 წელს ივანიშვილის დამსახურება ის კი არაა, რომ ენმ შეცვალა, არამედ მაშინაც ანალოგიური ვითარება იყო – სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვიდექით: ნებისმიერ უმნიშვნელო ფაქტორს შეეძლო, პროტესტი ქუჩაში გადაეტანა და პროცესი უმართავი გამხდარიყო. ივანიშვილმა პროტესტს მიმართულება მისცა და სულ ეს იყო.

– ანუ დღეს ზღვარზე ვართ და მიმართულების მიმცემი არ არის, ამის თქმა გინდათ?

– დიახ. თუმცა მაშინ ოპოზიციური ამომრჩეველი ერთიანი იყო, დღეს – არა. ამომრჩევლის 2/3–ია ოპოზიციაში და იგივე 2/3 ენმ–ს ოპოზიციაშია. ასეთ ვითარებაში ხსენებული „შუაისტების“ გამაგრებაა საჭირო, რომ ამ ძალების შეხეთქება არ დაუშვას. სწორედ აქ ვხედავ პრეზიდენტის არა იმდენად ორგანიზაციულ, უფრო, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ, პიარის თვალსაზრისით აქტივობას. პრეზიდენტის სიტყვა ისმის ქვეყნის შიგნით და გარეთაც. შესაძლოა, ლანძღონ, ათასი რამ თქვან, მაგრამ ყველა იძულებული იქნება, მას გარკვეული ანგარიში გაუწიოს. ეს არის მისი უპირატესობა და თუ გამოიყენებს, კარგი იქნება.

– ანუ, რომ შევაჯამოთ, თქვენ ამბობთ, რომ ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეების „ხმა“ უნდა იყოს...

– დიახ, შემოაბრუნოს პოლიტიკაში.

– და მათი დახმარებით ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ სპექტრზე, მათ უბიძგოს თანამშრომლობისკენ...

კი ბატონო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S