"გულთბილად ვესალმები ეკვადორს, საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას შეუერთდნენ"
15/06/2022 14:09:42 პოლიტიკა
რუსეთის უპატიებელი ინტერვენცია არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც გვიცავს ჩვენ ყველას, – ამის შესახებ, "საქართველოს პირველი არხის" ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დაბომბვას და მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდებას.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ჩვენი ურყევი მზადყოფნის გამო, რათა უკრაინას მივცეთ შესაძლებლობები, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება თავდაცვისთვის. მე, პირადად, ვარ მადლობელი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც ამ საკონტაქტო ჯგუფმა ამ დრომდე მიაწოდა. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ დანებებას და არ შეგვიძლია, ენთუზიაზმი დავკარგოთ. ფსონები ზედმეტად მაღალია. უკრაინა ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ, რის შესახებაც პრეზიდენტი ზელენსკი გვაფრთხილებდა. კიევის აღების წარუმატებელი მცდელობისა და თავისი საბრძოლო მიზნების გადაფასების შემდეგ, რუსეთმა თავისი ფოკუსი დონბასისკენ გადაიტანა. არ შეიძლება, რომ სათანადოდ არ შევაფასოთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას. რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის განურჩეველ დაბომბვას და მოქალაქეების უგუნურად საფრთხეში ჩაგდებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისადმი და უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას შეეძლოს თავისი თავის, თავისი მოქალაქეებისა და ტერიტორიის დაცვა. თუმცა, არ შეცდეთ – რუსეთის არაპროვოცირებადი და უპატიებელი ინტერვენცია არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც გვიცავს ჩვენ ყველას. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ გამოწვევას. უკრაინელი სამხედროები და მოქალაქეები ამას აკეთებენ და ისინი იცავენ თავიანთ სამშობლოს სიმტკიცით, სიმამაცით და ოსტატობით. მათ ჩვენ შთაგვაგონეს და მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ალექსეი რეზნიკოვთან მჭიდრო კონტაქტი აქვს საბრძოლო ველზე ცვლილებებთან დაკავშირებით და მუშაობენ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისაუბრა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე.
„აშშ გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას. 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ მსოფლიოში 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწია. ეს ასახავს რუსეთის არაპროვოცირებადი აგრესიით გლობალურ აღშფოთებას და ასახავს საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მზადყოფნას. დღეს მე პატივი მაქვს, შევხვდე 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის ხელმძღვანელს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ნება მიბოძეთ, გულთბილად მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას შეუერთდნენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის: ბრიუსელში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს. საკონტაქტო ჯგუფი იმსჯელებს, ვის რა ტიპის შეიარაღებით შეუძლია უკრაინის დახმარება. საუბარია არტილერიაზე, ჯავშანტექნიკაზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე. რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ დასავლეთის სახელმწიფოებისგან არაერთხელ მიიღო მძიმე შეიარაღება, თუმცა, კიევში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ 10%-ია იმისა, რაც უკრაინის არმიას სჭირდება.
პენტაგონის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებას პირველად, საქართველოც დაესწრება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"შეიარაღების კუთხით ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, უკრაინას ვერ ვაწვდით ვერც იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას ნატო–ს მინისტერიალის შემდეგ", – განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე რეგულარულად იკრიბებიან რიგი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრების მასპინძელი აშშ–ია. აპრილის ბოლოს ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. ღონისძიებას ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი. რიგით მეორე მსგავსი შეხვედრა მაისშიც გაიმართა, თუმცა შეხვედრას ქართული მხარე არც მაშინ ესწრებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.


