16 და 20 ივნისის გარდა, ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 18 ივნისსაც დაანონსდა
15/06/2022 16:10:52 პოლიტიკა
16 და 20 ივნისის გარდა, ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 18 ივნისსაც დაანონსდა. კერძოდ, პარტია „გირჩი“ 18 ივნისს 13:00 საათზე "დედაენის ბაღში" აქციას „მხოლოდ ევროპისთვის“ გამართავს.
„ევროპაში ინტეგრაცია არ არის რომელიმე ერთი პარტიის არჩევანი. ეს არის ჩვენი საერთო შანსი, გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ამ პროცესის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისათვის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელია.
ამასთან ერთად, შექმნილ პირობებში, მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის მიმართ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს მხარდაჭერა. გთავაზობთ, შაბათს, 13:00 საათზე შევიკრიბოთ დედაენის ბაღში და ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს ნამდვილი ევროპული ქვეყანა და როგორ შეიძლება დაჩქარდეს ჩვენი ევროინტეგრაცია.
ჩვენი შეკრება არ უპირისპირდება რომელიმე სხვა აქციას, თუმცა, მათგან განსხვავებით, არ მოიცავს რაიმე დამატებით პოლიტიკურ ქვეტექსტს, ამიტომ, ჩვენ ღია ვართ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. გაგვიხარდება, თუ აქციას სხვა პოლიტიკური პარტიებიც შემოუერთდებიან“, – აცხადებენ „გირჩში“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.


