წულუკიანი – პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე: "მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია"
16/06/2022 06:02:27 პოლიტიკა
ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვერ იგებს, რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს აქციის დაანონსება.
„ვერ წარმომიდგენია, რომ 2 დღის განმავლობაში ისეთი დიდი ძალისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს, ასევე სამეურნეოსა და ინფრასტრუქტურულ რესურსს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მისთვისაც კი წარმოუდგენელია 2 დღეში აქცია დააორგანიზოს. მაშინ ეს აქცია არ არის და ეს არის ქუდზე კაცი, ხოლო ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არა, რანთა და კახთა, ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო, ან რაღაც უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია. მოკლედ, არ ვიცი რა იყო მიზანი, ვვარაუდობ მხოლოდ. ჩემდა სამწუხაროდ და მე მეტ-ნაკლებად შემჩნეული ვარ იმაში, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ქალბატონი სალომე და როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესად მესმის მისი, ვიდრე საფრანგეთში არჩავლილ ადამიანს შეიძლება, ესმოდეს. ვცდილობ მეტად ვიყო მისი მოკავშირე, იტერპრეტატორი, მაგრამ ეს ბრიფინგი არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
„ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“.
ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა".
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რამდენიმე პარტია, მათ შორის ენმ, "ევროპული საქართველო" და "საქართველოსთვის" აქციას არ შეუერთდებიან.


