ვინ მიიღებს/არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში
16/06/2022 07:22:35 პოლიტიკა
დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება. ღონისძიება, რომლის მიზანი ევროპული კურსის მხარდაჭერაა, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე ჩატარდება.
"დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მან აქციაზე ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მიიწვია.
ვინ მიიღებს/არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში
- „ქართული ოცნება“
მმართველი პარტია 16 ივნისის აქციას ემიჯნება.
"ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის - ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს", – განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ "მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და ამას ახალი დადასტურება აქციებით არ სჭირდება".
ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვერ იგებს, რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს აქციის დაანონსება:
„ვერ წარმომიდგენია, რომ 2 დღის განმავლობაში ისეთი დიდი ძალისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს, ასევე სამეურნეოსა და ინფრასტრუქტურულ რესურსს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მისთვისაც კი წარმოუდგენელია 2 დღეში აქცია დააორგანიზოს. მაშინ ეს აქცია არ არის და ეს არის ქუდზე კაცი, ხოლო ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არა, რანთა და კახთა, ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო, ან რაღაც უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია".
- "ნაციონალური მოძრაობა"
ენმ 16 ივნისის აქციას არ უერთდება.
"პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ რომელ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს. აი, იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია, რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20 საათზე რუსთაველზე“, – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
- „ევროპული საქართველო“
პარტია 16 ივნისის აქციას არ უერთდება.
„სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრების ყველა გზავნილში რეზოლუციის ჩათვლით საუბარია იმაზე, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა. 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ გზავნილის განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას“, – აცხადებს პარტიის წევრი ლელა ქებურია.
- პარტია „მოქალაქეები“
პარტია აქციას უერთდება.
"მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც. [...] “მე იქ იმასთან არ მივალ”- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ!", – აცხადებს პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
- "ლელო"
პარტია 16 ივნისის აქციას უერთდება.
"ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია, ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. "ლელო" იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!“ – აცხადებს პარტიის წევრი მამუკა ხაზარაძე.
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თავად არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს არ დაესწრება. მიზეზად პარტიის ევროპული კურსის მხარდამჭერ კამპანიას ასახელებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში დადიან. მისი თქმით, 16 ივნისს იგი ბათუმში, ხოლო 20 ივნისს ბრიუსელში იქნება.
"სავარაუდოდ ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის შემდეგ შეიძლება, მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე. მე 20-ში ბრიუსელში ვარ და ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს ევროპარლამენტარებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
- პარტია "საქართველოსთვის"
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი 16 და 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციებში პარტიის მონაწილეობას გამორიცხავს.
როგორც მან აღნიშნა, პარტიისთვის მთავარი ამოცანა პარტნიორებთან მუშაობაა.
"მოქალაქეების უფლებაა რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვემ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.
- პარტია „ხალხისთვის“
პარტია „ხალხისთვის“ დღევანდელ აქციას უერთდება.
"ჩვენ უნდა გვქონდეს გონივრული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ეს საკითხი ჩვენია, ეს საკითხი რომელიც კანდიდატობას ეხება არის ჩვენი და მნიშვნელობა არ აქვს ამას ვინ დააორგანიზებს, რადგან ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ უნდა დავიკავოთ ეს ადგილი. ეს მონაპოვარი არის ყველა იმ ადამიანის, რომლის ოჯახის წევრი დაიღუპა, დაზარალდა, მსახურობდა ერაყში და ა.შ. ყველა მოქალაქის, ვინც ამისთვის ოდესღაც რაიმე გააკეთა. ნუ გავყვებით რუსულ დღის წესრიგს და ნუ გავიყოფით, რადგან ეს არის მტრის დღის წესრიგი. დღეს ისეთი მომენტია, როცა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიდგეთ ერთიან ქართულ ოჯახად", – აცხადებს პარტიის ლიდერი ანა დოლიძე.
- უცხოელი დიპლომატები
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას გერმანიის და საფრანგეთის ელჩები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი შეუერთდებიან.
ცნობისთვის: ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


