"მადრიდის სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერის თაობაზე"
16/06/2022 13:47:07 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს მინიმუმ, 5 მიმართულებით.
მისი თქმით, ეს იქნება გარდამტეხი სამიტი.
"ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ კიდევ უფრო შეკავების პოლიტიკა და თავდაცვა. მადრიდის სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდამჭერის თაობაზე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენმდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინის დახმარებას კვლავ განაგრძობენ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი გზა:
"ნატო–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ასევე შეუერთდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა გარე ძალების ჩარევის გარეშე".


