უშველის საქართველოს იმიჯს „ანტიპუტინურ“ კოალიციაში ჩართულობა?
16/06/2022 15:06:29 პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის (იგივე „რამშტაინის ფორმატი“, ანტიპუტინური კოალიცია) შეხვედრაზე ამჯერად საქართველოც იყო წარმოდგენილი.
საინტერესოა, რომ წინა ორ შეკრებაზე, რომელზეც რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ 40–ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მოიყარა თავი, თბილისის არწარმოდგენილობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმით ახსნეს, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება. ხოლო 9 ივნისს, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 15 ივნისისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა დააანონსა, თქვა ისიც, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეცვლილა:
"შეიარაღების კუთხით ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, უკრაინას ვერ ვაწვდით ვერც იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას ნატო–ს მინისტერიალის შემდეგ".
მაგრამ მინისტრს არ განუმარტავს, ამ შემთხვევაში რამ განაპირობა პოზიციის ცვლილება, როდესაც ფორმატს მიზანი არ შეუცვლია (თუმცა ბევრი ექსპერტი ხსენებულ კოალიციას მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესში ფუნდამენტად მოიაზრებს). არც ის, თუ რა არის ამ შემთხვევაში თბილისის მოტივაცია ან როგორ ხედავს საკუთარ როლს ე.წ ანტიპუტინურ კოალიციაში? შესაბამისი კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა მათ პასუხს თავი აარიდეს. ამდენად, ამ საკითხებზე „აქცენტი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის ხედვებს შემოგთავაზებთ.

– გიორგი, ამ შემთხვევაში ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება დასავლეთში საქართველოსთან მიმართებით სკეფსისის ზრდაზე ერთგვარ პოლიტიკურ პასუხად უნდა განვიხილოთ?
– საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს პარტნიორებთან ერთად და პირველ რიგში, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მოცემულ პროცესში ჩვენი ჩართულობა. ნათელია, რომ საქართველოს არ აქვს რეალური ბერკეტები, ქმედითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს უკრაინის სახელმწიფოს; მეორე – საქართველო პოლიტიკურად ცდილობს, არ იყოს ჩართული კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩვენი მხრიდან მთელი რიგი შეზღუდვებია გატარებული. ბევრს საუბრობენ სანქციებთან მიერთებაზე, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ, ყველაზე მძიმე, რაც ამ ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლებოდა, რუსეთთან მიმართებით გაგვეკეთებინა, ჯერ კიდევ 2008 წელს არის გაკეთებული: იქნება ეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა სამხედრო ტვირთებისთვის და ა.შ – ეს 2008 წლის ომის შემდგომი მოცემულობაა. ამის იქით ჩვენ ვერ წავიდოდით. ევროკავშირი რომ აწესებს ფინანსურ სანქციებს, ეს არის ევროკავშირის, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცის პასუხი რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ამ ეტაპზე ამ სივრცის ნაწილი არ ვართ. შესაბამისად, ახსნადია ის პოზიცია, თუ რატომ არ უერთდება საქართველო ევროკავშირის სანქციებს.
– როგორც ირკვევა, კითხვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციონირება უფრო აჩენს...
– სწორედ ამას ვამბობ, რომ პრობლემაა არა იმდენად იმაში, რას ვაკეთებთ, არამედ იმაში, ამის შესახებ ინფორმაციას როგორ ვაწვდით პარტნიორებს. შესაბამისად, ამ პროცესში [„რამშტაინის ფორმატში“] ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ცხადია, იქ ერთის მხრივ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხი განიხილება, მაგრამ მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში იცვლება უსაფრთხოების ლანდშაფტი, მით უმეტეს, კავკასიაში ეს პროცესები ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის გარშემო 7 რეგიონზე და მთიანი ყარაბაღის 25%–ზე აღადგინა კონტროლი. აქედან გამომდინარე გაჩნდა კიდეც ახალი მოცემულობა რუსი სამშვიდობოების და თურქული მონიტორინგის მისიის სახით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ნებისმიერ ამგვარ ფორმატში ჩართულობა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მოქნილები და მდგრადები ახალი ტიპის საფრთხეებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა, გაჩნდეს მთლიან რეგიონში. დაგვიანებულიც კია ჩვენი მხრიდან რეაქცია, უფრო ადრე უნდა გვეფიქრა, რომ პარტნიორებთან ინტენსიური ურთიერთობა გვჭირდება. მეორე – არ შეიძლება, დარჩე ყველა საერთაშორისო ფორმატის მიღმა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება უკრაინულ სახელმწიფოს, ქვეყანას, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ ბედს ქვეშაა: ჩვენ რუსული აგრესია უკრაინელებზე დიდი ხნით ადრე გამოვცადეთ. აქ მხოლოდ 2008 წლის ომს არ ვგულისხმობ – აფხაზეთის ომი და ცხინვალის კონფლიქტი მოსკოვის მიერ იყო ორკესტრირებული. დიახ, მას ჰქონდა ეთნიკური, პოლიტიკური შემადგენელიც, მაგრამ არავის დავიწყებია, რომ იგივე აფხაზეთში აქტიურად იბრძოდნენ რუსეთის სამხედრო ნაწილები, იქნებოდა ეს ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების სახით თუ რუსული ფლოტისა და ავიაციის ჩართულობით. ამდენად, ჩვენ ეს სამჯერ გამოვცადეთ და უბრალოდ ვერ ვიქნებით სტერილურად ნეიტრალურები უკრაინის მიმართ. ცხადია, არსებობს სურვილი და შესაძლებლობა და ჩვენს შესაძლებლობებს არ უნდა გადავახტეთ, მაგრამ ცალსახად მნიშვნელოვანია თუნდაც პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების თვალსაზრისით მოცემულ ფორმატში ჩართულობა.
– და რამდენად მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში ერთის მხრივ, ანტიპუტინურ კოალიციაში ჩართულობა, მეორეს მხრივ, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ომში ჩათრევის თაობაზე გზავნილები დასავლეთზე მინიშნებით?
– ჩვენი მხრიდან ამ კოალიციაში მონაწილეობა ცალსახად სწორია. მეორე – კითხვა ჩნდება იმ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი პოლიტიკური გუნდი ახორციელებდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რაც შეეხებოდა ომში ჩათრევას, მეორე ფრონტის გახსნას და ა.შ. მე მგონი, დასავლურმა კოალიციამ და უპირველესად, აშშ–მა ძალიან გასაგები პასუხი გასცა ამას. მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს, რომ დაუშვებელია პარტიათა შორის დაპირისპირების ჩვენს დიპლომატიურ დღის წესრიგში გადატანა, რადგან ეს აზიანებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც სრულად კონცეპტუალიზებული არ არის, მაგრამ რაღაც საგარეო პოლიტიკური მიზნები ხომ გაგვაჩნია?! დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ არ ვიყოთ საერთაშორისო იზოლაციაში! დავრჩეთ დასავლურ კოალიციასთან ერთად! მოხდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მინიმიზება! აქ „ბეწვის ხიდზე“ გავდივართ, რადგან ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას ქართული დიპლომატია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შევძლოთ და სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი საგარეო ინტერესები. თითოეულ სიტყვას აწონვა სჭირდება, რადგან როყიოდ წამოსროლილმა ფრაზამ, ბრალდებამ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ალბათ ყველაზე დიდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოგვიტანოს. გასაგებია უკრაინელების სურვილები, რომ რუსული ძალების დეცენტრალიზაცია, დაქსაქსვა და ა.შ. სჭირდებათ, მეორეს მხრივ, სად არის უკრაინული და ქართული რაციონალური პოზიცია? პირველი შეცდომა დავუშვით, როდესაც ჩვენი ურთიერთრიტორიკა ურთიერთბრალდებების კასკადს დაემსგავსა და ლამის პოლიტიკოსებს შორის პირად შეურაცხყოფამდე მივიდა, რაც დაუშვებელი იყო და ეს ორივე მხარის შეცდომაა!
– სამწუხარო ის არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა მაინც შეძლო, მის მიმართ კითხვები გაჩენილიყო. იგივე პრეზიდენტმაც ისაუბრა ორიოდ დღის წინ გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში „ძალიან მძიმე სურათი დამხვდაო“, „იზოლაციის რისკი რეალურიაო“...
– ჩვენ არ ვუყურებთ პრობლემის სათავეებს. მაგალითად, რატომ არ დადგა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პასუხისმგებელია ჩვენგან ინფორმაციის სწორად გატანაზე? როდესაც ევროკავშირში წევრობაზე შეგვაქვს განაცხადი, რას აკეთებს ამ დროს ევროპაში ჩვენი ასეულობით დიპლომატი და რატომ არ ხდება ჩვენი პარტნიორების იმ დონეზე მაინც დარწმუნება, რომ სულ მცირე, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც „ქართული ოცნების“ „ქოლგაა“ ევროპარლამენტში, ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუციას გაუწიოს წინააღმდეგობა? ანუ ადამიანებმა, რომლებიც ამაზე აგებდნენ პასუხს, ვერ შეასრულეს ამოცანა, რისთვისაც ხელფასს იღებენ! დავუშვათ, რომ „ფეიკებია“ და ა.შ. – რითაც თავი იმართლა შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს – რატომ ვერ არწმუნებს ევროპარლამენტში საკუთარ თანამებრძოლებს? აქ უკვე ცალკეული გადაწყვეტილების მიმღები პირების კომპეტენტურობის საკითხი დგება. მეორე – ქართული პოლიტიკური კლასის (ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას) გონებამდე ვერ დავიდა, რომ რიგ საკითხებზე ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. სანაცვლოდ ვხედავთ, რომ ისინი დაკავებულნი არიან არაფრის მომცემი ურთიერთბრალდებებით; ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, ევროპული ინტეგრაციის თემის მონოპოლიზებას, საბოლოო ჯამში კი არავის აინტერესებს, სად წავა ქვეყანა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანმიმდევრული უნდა იყოს მიუხედავად იმისა, ვინაა ხელისუფლებაში!
– მოცემულობა ასეთი გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით კითხვები გაჩნდა, მზარდია სკეფსისი. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას მოლდოვა და უკრაინა ერთ „კალათაში“ განიხილა, ხოლო ჩვენ როგორც ჩანს, კვლავ სამხრეთ კავკასიის კონტექსტს ვუბრუნდებით. თავადაც აღნიშნეთ, რომ „რამშტაინის ფორმატში“ მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს შელახულ იმიჯს უშველის?
– ჩვენს შელახულ იმიჯს პროფესიონალურად მუშაობა უშველის და ეს ჩართულობა ამის ერთ–ერთი კომპონენტია. ის, რომ შეცდომები გვაქვს დაშვებული, არ ნიშნავს, რომ ახლა სწორი ნაბიჯები არ გადავდგათ. ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა გაიგოს, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში რუსის ტანკი თანაბრად გადაუვლის როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წევრების ვილებს (გარჩევას არ დაიწყებენ), ნებისმიერი მოქალაქე რისკის ქვეშ დგება! ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე სახელმწიფოში ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსია საჭირო! თუ მაგალითი აინტერესებთ, ისრაელს შეხედონ: როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ქვეყნის შიგნით მათი ხედვები, თუ რა უნდა გააკეთონ პალესტინასთან მიმართებით, საგარეო არენაზე ვერსად მოისმენთ, რომ მათი შეხედულებები განსხვავდება, რადგან სახელმწიფო ერთიანია. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ამის გარეშე უბრალოდ, ვერ გადავრჩებით! მომწონს თუ არა პირობითად, ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, ჩემთვის მთავარია, საქართველო გახდეს იმ კონკრეტული ალიანსის წევრი, სადაც ვაპირებთ შესვლას. არ მაქვს უფლება, ჩემი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი შიდა პარტიულ დაპირისპირებებს გადავაყოლო! თუ რუსეთის პირისპირ მარტოდ დავრჩით, კოალიციის, მოკავშირეების გარეშე, მარტივად გადაგვივლიან და არც ის ქვეყანა დარჩება, რომლის მართვაც უნდა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენთან ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სახელმწიფო ინტერესი უზენაესია! ეს პირველ რიგში, ეხება გადაწყვეტილების მიმღებს, მაგრამ იმავდროულად ეხება უკლებლივ ყველა პოლიტიკურ აქტორს.
– მესმის, მაგრამ არსებული პოლარიზებული გარემო მსგავს იმედებს არ ტოვებს...
– მაშინ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ თუ ასეთი პოლარიზაცია გაგრძელდა, სუვერენიტეტი ძალიან მალე არ გვექნება!
– კვლავ საგარეო საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს მისწრაფებებს ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ტრადიციულად უჭერდნენ მხარს, თუმცა ბოლო დროს მათგანაც ისმის კრიტიკა. მაგალითად, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „საქართველოსთვის მაპი–ს (წევრობის სამოქმედო გეგმა) მინიჭებას მხარს დავუჭერთ, მაგრამ თავად საქართველო მზად არის ამისთვისო?“. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მეგობრების განაწყენების კონტექსტში ახსენა პოლონეთი...
– ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს: დიპლომატიაში ერთი მთავარი შეცდომა დავუშვით – მტრებს ჩვენი არ ეშინიათ, ხოლო მოკავშირეები არ გვენდობიან. ამ ყველაფრის გამოსწორებას სჭირდება თანმიმდევრული, სწორი, დაგეგმილი და კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკა, სადაც გასაგებადაა დეკლარირებული როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნები, ისე ამ მიზნებამდე მისვლის გზები. მეორე – ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ამან გამოიწვია უკუშედეგი, რადგან კატასტროფულად მივაწოდეთ, შესაბამისად, „მადლობას“ მხოლოდ კარასინი გვიხდის! მესამე – ქვეყნის შიგნით კაცმა არ იცის, რას ვაკეთებთ. ამ სამი რამის ერთობლიობა გვაძლევს იმ მოცემულობას, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა გვაკრიტიკებს. დაახლოებით იმგვარ სიტუაციაში შევდივართ, „ღმერთი შენ არ მიგიღებს და ეშმაკთანაც ნუ იფუჭებ ურთიერთობასო“. ასეთ ვითარებაში კი საერთაშორისო არენაზე ისე, როგორც გვინდა, დიდხანს ვერ გავჩერდებით! ჩვენი ამოცანაა, საქართველოს სახელმწიფოს ნაციონალური სტრატეგიული ინტერესის უზრუნველყოფა. ეს მდგომარეობს გრძელვადიანი მშვიდობის, დასავლური ინტერესების პერსპექტივაში. უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ და ბევრ რამეს ვაკეთებთ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ქართული კონტინგენტი ყველაზე დიდი არაუკრაინული კონტინგენტია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში (აქ ქართული სახელმწიფოს როლიც უნდა ვახსენოთ, რადგან მას შეზღუდვის მექანიზმები აქვს), მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამის პარალელურად საოცარ განცხადებებს ვაკეთებთ. არიან ქვეყნები, რომლებიც ამის მეოთხედს აკეთებენ და ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობენ. შინაარსის და ფორმის მხრივ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი.
– დასავლელი პარტნიორების მიმართ მმართველი გუნდის კონფრონტაციული ტონი რით აიხსნება და რისი იმედი აქვთ იმ ფონზე, რომ ბევრი მიმართულებით სწორედ პარტნიორებზეა დამოკიდებული ქვეყანა?
– ვაი და არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსიო – ამისთვის იზღვევენ თავს. არ ესმით, რომ დასავლეთი არ არის კრიტიკის მიმართ იმუნური. შეიძლება, დასავლელი პარტნიორები გავაკრიტიკოთ და ჩვენი დღის წესრიგი შევთავაზოთ, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, როგორც აკეთებენ. ეს თავიდან ბოლომდე აბსურდია! ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო დივერსიფიცირებული წყაროებით იღებენ ინფორმაციას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ან მთავრობის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტებია. არსებობს ინფორმაციის მიღების უამრავი სხვა საშუალება და ასეთ დროს უნდა დაფიქრდნენ, სად არის პრობლემა და კრიტიკის მიმართ მიმღებლობა გამოიჩინონ. მაგრამ ეს ტიპური ქართული ფენომენია, რომ შენიშვნას ვერ ვიტანთ. ქებასა და კრიტიკაზე მსგავსი რეაქციები გვაქვს. იგივე წინა ადმინისტრაცია რომ გავიხსენოთ, რეგიონში „დემოკრატიის შუქურას“ რომ გვეძახდნენ, გადავწყვიტეთ, რომ უკვე დემოკრატია ვიყავით და რეგიონში, სადაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა, ალიევის აზერბაიჯანი, ერდოღანის თურქეთი და მაშინ სარქისიანის და ქოჩარიანის სომხეთი იყო, ჩვენ ყველა ვარიანტში დემოკრატები ვიქნებოდით, სულ რომ აბსოლუტური მონარქია გვქონოდა. მოუსმინონ თავიანთ თანამშრომლებს, აპარატს, ხოლო თუ ასე რამეს აპარატი ურჩევთ, შეცვალონ! ვიღაცამ უნდა აუხსნათ, რომ დიპლომატია ასე არ კეთდება! ეს დიპლომატია არ არის!


