შოლცი და მაკრონი უკრაინა–მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ, საქართველოს კი ამ კონტექსტში არ ახსენებენ
16/06/2022 15:01:32 პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს კი ამ კონტექსტში არ ახსენებენ.
„გერმანია უკრაინასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მომხრეა. იგივე პოზიცია აქვს ბერლინს მოლდოვის მიმართ. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – განაცხადა შოლცმა უკრაინაში ვიზიტის დროს გამართულ პრეს–კონფერენციაზე. მას არაფერი უთქვამს საქართველოსთან დაკავშირებით.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მაკრონმაც და შოლცის მსგავსად, საქართველო არც მას უხსენებია.
მანამდე, მოლდოვაში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს.
"პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ", – განაცხადა მაკრონმა.
რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, "საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ მას განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს".
ცნობისთვის: ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


