„დამაბნეველი!“, „გამაოგნებელი!“ –  როგორ აღიქვეს მაკრონის პოზიცია საქართველოში

16-06-2022 19:47:49 საგარეო პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელმაც საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ მონიშნა, ქართულ საექსპერტო წრეებში საგანგაშო გზავნილად აღიქვეს, ხოლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მოლოდინი კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ დუმს.

ინფორმაციისთვის: საუბარია მაკრონის მიერ მოლდოვაში ვიზიტისას გაკეთებულ კომენტარზე:

„პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს მართებს რეგიონის მიმართ. საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი მაკრონის პოზიციას დამაბნეველსა და გამაოგნებელს უწოდებს:

„ეს განცხადება იყო დამაბნეველი და გამაოგნებელიც: ჩანს, რომ მოლდოვა მაინც უკრაინასთან ერთად მოიაზრება, ჩვენ სამწუხაროდ ამ ტრიოში [ასოცირებული ტრიო] აღარ ვართ, მაგრამ გამოდის, რომ მაკრონმა თავისი განცხადებით საერთოდ ევროპული სივრციდან გაგვწია! ევროპის კონფიგურაცია დიდი ხანია, მოხაზულია, მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი გავხდით და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“,– აღნიშნავს ჩეჩელაშვილი თემის კომენტირებისას და ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოტენციალი გამოყენებული არ არის:

„ჩვენ მაკრონისგან სხვა რამეს ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომემ თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტი საფრანგეთში განახორციელა 2019 წლის თებერვალში, დაფუძნდა ამილახვარის სახელობის დიალოგი, იყო შეფასებები, რომ ჩვენ ახლა ევროკავშირში ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გვყავს – საფრანგეთი, რომ ის თანმიმდევრულად დაგვიჭერს მხარს. გამოდის, რომ ურთიერთობების პოტენციალი, რომელსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი, საერთოდ არ გამოგვიყენებია! თუ ვინმეს შეუძლია ამის გამოსწორება, ეს პრეზიდენტია. ყველანი მოველით, რომ მისი კონტექსტების გათვალისწინებით, როგორმე მოხერხდეს ამ პოზიციის ცვლილება იმ მომენტისთვის მაინც, როდესაც საკუთრივ საფრანგეთი სტატუსთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს ბედზე. ეს რიგითი განცხადება არაა! ჩვენ არავითარ სხვა სივრცეში არ ვართ! ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ! ვართ კარიბჭე, რომელიც ევროპას აზიისკენ უხსნის გზას! სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია!“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოი ბექა კობახიძე მაკრონის პოზიციაზე პასუხისმგებლობას სრულად საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს:

„დავხედოთ რუკას: საქართველო გეოგრაფიულად სრულიად ხელოვნურად იყო ჩასმული ამ პაკეტში, რადგან საქართველო იყო კავკასიაში ერთადერთი პროდასავლური ქვეყანა. დიდი მოთამაშეები, ოდითგან, პაკეტში უყურებენ პატარა ქვეყნებს. ცალკე საქართველო ვერასდროს იქნება მნიშვნელოვანი, თუ რეგიონულ სინერგიაში არ არის ის ჩართული. კავკასიაში ეს პაკეტი რომ არ გამოდის, ამიტომ უკრაინას და მოლდოვას მიგვაწებეს ასოცირების ტრიოში.ამ ტრიოში ვიყავით ლიდერები და ამ ტრიოს დაუდგა ისტორიული შანსი. ამ დროს, ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის შანტაჟს და მოგვწყვიტა უკრაინა-მოლდოვას, მიგვათრევს რკინის ფარდის მიღმა.ძველ ევროპას ყოველთვის ღლიდა ჩვენი ზუზუნი და მოთხოვნები. არავინ დაიჯეროთ, რომ საფრანგეთისთვის ან გერმანიისთვის ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია და ტვირთი არაა. უბრალოდ, ჩვენ ვაყენებდით მათ, მეგობრების დახმარებით, მორალური ვალდებულებების ქვეშ და უწევდათ ყურადღების მოქცევა.ახლა, არათუ ჩვენი "ზუზუნი" გაჩერდა, არამედ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ჩვენმა ყველაზე თავგადაკლულმა ქომაგებმაც ხმა არ ამოიღონ.ახლა მთელი ჩვენი „ლიდერშიპი“ ბრიუსელში უნდა იყოს და ხვდებოდეს ყველას, რომ თითო სიტყვა ყველამ შეგვაწიოს. მაკრონს ამ განცხადების გამო კისერში უნდა სწვდენოდნენ ბალტიელები, პოლონელები, ამერიკელები, უკრაინელები და ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რომ ამ ხალხს, არც ერთს, ხმა არ ამოეღო. ყველა ისინი, განზრახ მტრად გადაიკიდა“.

კობახიძის ანალიზის მიხედვით, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო კურსის სტრატეგიული მიმართულება შეცვალა“:

„დიახ, მე მჯერა რომ ეს პირადად ივანიშვილმა გააკეთა მოსკოვთან შეთანხმებით თუ მისი ზეწოლით. კმაყოფილია მაკრონი, რომ არაფერს ვითხოვთ; კმაყოფილია პუტინი, რომ საქართველო რკინის ფარდის მიღმა დატოვა; კმაყოფილია ივანიშვილიც, რადგან ყველასთან დალაგდა. ბალტიელებს, პოლონელებს და სხვებს გული დასწყდებათ, მაგრამ მათი ცხოვრება ნამდვილად არ დასრულდება ჩვენი ტრაგედიით. აი ჩვენს თავზე კი ნამდვილად ტრაგედია ტრიალებს“.

ამ კონტექსტში კობახიძე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები