"საქართველოს ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს"
16/06/2022 15:40:46 პოლიტიკა
თბილისში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო. შეკრებაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც.
მისი თქმით, საქართველოს ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს.
„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ჩემი მიზანი და არჩევანი იყო, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, თქვენთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ და დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ დიპლომატებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.


