კობახიძე: "როდესაც ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და 300 კაცი გამოგყავს, ეს არის დანაშაული"
16/06/2022 18:45:43 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი აქციის გამართვით დანაშაული ჩაიდინა.
„როდესაც ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის. ეს არის დანაშაული, პირდაპირ ასე ვიტყოდი“, – განაცხადა კობახიძემ "საქართველოს პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, "300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია".
"როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქციული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ უჯერებს ხოლმე მმართველ გუნდს და შემდეგ, ეს ყველაფერი მას თვითონ უბრუნდება ცუდად".
დღეს თბილისში, ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის “ლელოს”, “მოქალაქეების”, “რესპუბლიკური პარტიის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები, ასევე უცხოელი დეპლომატები, მათ შორის ევროკავშირის, აშშ–ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.


