უკრაინა-მოლდოვას – კანდიდატის სტატუსი ახლავე, შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს – პირობები და სამომავლო შანსი?
16/06/2022 22:48:49 პოლიტიკა
17 ივნისი თენდება. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხზე ევროკომისიის ვერდიქტის მოლოდინშია განაბული.
სუსტ იმედს, რომელიც, ქვეყნის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების, ერთი მეორეზე გაუგებარი გადაწყვეტილებების, თანმდევი გამაოგნებელი განცხადებების, სახელისუფლებო მედიისა და ტროლ-ბოტების ნამდვილი ანტიდასავლური ვაქჰანალიის და როგორც შედეგი, ევროპარლამენტის ამასწინანდელი უმძიმესი რეზოლუციის მიუხედავად, ბევრს ჯერ მაინც უღვივის გულში, მორიგ დარტყმას აყენებს ევროსტრუქტურების კულისებში შემავალი ცნობილი ჟურნალისტის - რიკარდ იოზვიაკის “პოსტი”:
“ევროკომისიამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას: უკრაინასა და მოლდოვას – კანდიდატის სტატუსი ახლავე, შემდგომში შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს – პირობები და შანსი, კანდიდატის სტატუსი შემდგომში მიიღოსო”.

თუ მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ “ტრიო”, რომელშიც საქართველო ერთ დროს წამყვან წევრად ითვლებოდა, იშლება, უკრაინასა და მოლდოვას შავ-თეთრად ქცეული მსოფლიოს ნათელ მხარეს უშვებენ, ჩვენი ქვეყანა კი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეკლიან გზას იკაფავდა ცივილიზებული მსოფლიოს წევრობისკენ, რკინის ფარდის ბნელ მხარეს რჩება, თანაც იმ რუსეთის პირისპირ, რომელთან ომითაც გამუდმებით ზაფრავდა ბოლო თვეებში მოსახლეობას “ქართული ოცნება”, მოჰქონდა რა თავი ამ ომისგან ერთადერთ მხსნელად, “ერის ღირსების” ქომაგად და ამავდროულად გვთავაზობდა რა სრულიად გამაოგნებელ, სწორედ იმ ღირსების შემლახველ არჩევანს – “ომი გინდათ თუ თავისუფლებაო?”.
რატომ შეიძლება, გამოიტანოს ევროკომისიამ ასეთი ვერდიქტი – ნათლად და მკაფიოდაა განმარტებული ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაში. პრემიერ ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის ლიდერ კობახიძისა თუ “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების, სახელისუფლებო მედიისა თუ “ოცნების” ტროლ-ბოტების არმიის ვერც დაუსრულებელი სადეზინფორმაციო პროპაგანდა, ვერც “უსამართლობით” წყენის გამომხატველი განცხადებები, ვერც რაღაცისა თუ ვიღაცისთვის “ფარდის ახდის” მუქარა აქ, ცხადია, ვერაფერს შეცვლიდა: ერთია, ძალაუფლებისა და პირადი კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით მარტივად ატყუო და მითიური ომით ზაფრო საკუთარი მოსახლეობის ნაკლებ გათვითცნობიერებული ნაწილი, მაგრამ სულ სხვა რამ – გააცურო დასავლეთი, რომლის ყოველმხრივი დახმარების წყალობით საქართველოს ათწლეულობით გაჰქონდა თავი და შეუმჩნეველი დატოვო დასავლელი პარტნიორებისთვის "ორ სკამზე ჯდომის", კერძოდ, კუდის ერთდროულად ცივილიზებული სამყაროსა და კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმისთვის ქიცინის მცდელობები.
იმ რეზოლუციაში ასახულ პრეტენზიებს რომ მყარი საფუძველი აქვს, რეალურად, “ოცნებაშიც” მშვენივრად უწყიან და ორ კვირაზე მეტი დროც ჰქონდათ, რათა დაშვებული შეცდომების გამოსწორების მზაობის მოჩვენებითი სურათი მაინც შეექმნათ. მაგრამ ნაცვლად ამისა მმართველი გუნდის წევრებმა მხოლოდ გააძლიერეს ისედაც გამაოგნებელი ანტიდასავლური რიტორიკა, შეცდომების მხრივ კი არათუ მათი გამოსწორება არ უცდიათ, არც კი უღიარებიათ არც დასავლელი პარტნიორების, არც საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
საქმით დიდად არაფერი გააკეთა არც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა (არც ევროკომისიის ვერდიქტამდე დარჩენილ ორ კვირაზე მეტ დროში, არც მანამდე): მისი ინიციატივით 16 ივნისს გამართული 300-კაციანი აქცია ნამდვილად ვერ იქცა და ვერც იქცეოდა იმ კონკრეტული ბერკეტების გამოყენების საპირწონედ, რომელიც ზურაბიშვილმა არ (ან ვერ) გამოიყენა. ხოლო იმავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ კიევში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება მხოლოდ მორიგი მკვახე დასტური იყო იმისა, რომ “კონტაქტები დასავლეთში”, რომლითაც “ოცნების” მიერ პრეზიდენტად გამწესებულ, საფრანგეთში გაზრდილ ზურაბიშვილს წლობით მოჰქონდა თავი და რომელთა აქტიურ გამოყენებასაც ჰპირდებოდა მოსახლეობას გაპრეზიდენტებისას ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმის წინ წასაწევად, როგორც ჩანს, არც იმდენად წონადია.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი დარჩიაშვილი, რომელიც წესით, ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში დასავლეთში უნდა გადაბარგებულიყო და ყველა შესაძლო კარი ემტვრია ვითარების გადასარჩენად, 15 ივნისს წილკანში ლოკოკინების ქარხნის გახსნის ცერემონიაზე გამოდიოდა სიტყვით...
ამდენად, რა გასაკვირია, ევროკომისიის ვერდიქტს რომ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ვხვდებით?! – შესაძლოა, ყველაზე მძიმეში მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. და ეს მდგომარეობა საკუთარი ხელით შევქმენით: ხელისუფლებამ - მხოლოდ და მხოლოდ სათავისო მოქმედებით, საკუთარი ინტერესის ქვეყნისაზე მაღლა დაყენებითა და ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთან თავხედური გათანაბრებით, ოპოზიციამ - სისუსტით, დაქსაქსვითა და სამოქმედო გეგმის არარსებობით, მოსახლეობის ნაწილმა - იმით, რომ აჰყვა ხელისუფლების სადეზინფორმაციო პროპაგანდას და მმართველ პარტიას თავის მოტყუების საშუალება მისცა, კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილმა კი - გადაღლით, მდუმარებითა და უმოქმედობით.
მაინც რით და როდის დაიწყო ეს კოშმარული სიზმარი? ივანიშვილისეული “შუის გაკრეფითა” და ოპოზიციის გეგმაზომიერი დასუსტებით? ივანიშვილის აწ უკვე ანეკდოტად ქცეული დაპირებით – “დემოკრატიით ევროპას გავაოცებთო”? “გავრილოვის ღამით”? ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვით? იქნებ რეფორმებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შეწყვეტით? თუ ქვეყანაში ძალადობრივი, ღიად პრორუსული ჯგუფების საქმიანობის წახალისებით? ან იქნებ თავიდანვე დაიწყო – ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლით? თუმცა დღეს ამაზე საუბარი ალბათ, უკვე გვიანია, დღეს შედეგებს მოვიმკით.
მაინც ვიმედოვნებ, რომ რიკარდ იოზვიაკის მონაცემები ამჯერად მცდარია და ევროკომისიისგან რამდენიმე საათში სხვა ვერდიქტს მოვისმენთ. მაგრამ თუ ევროპა ამ მოცემულობაში მყოფ საქართველოს დაინდობს და “ტრიოდან” არ გაგვაძევებს, ახლა მაინც უნდა მოვეგოთ გონს, გამოვფხიზლდეთ და გავაცნობიეროთ: ეს იქნება ის ბოლო დაუმსახურებელი შანსი, რომლის არგამოყენებას სამომავლოდ აღარავინ აღარასოდეს გვაპატიებს - არც ხელისუფლებებს, არც ოპოზიციებს, არც მოსახლეობას, არც მთლიანად ქვეყანას.


