"საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად მიზანმიმართული მცდელობაა, ქვეყანას მიადგეს ზიანი"
17/06/2022 06:45:24 პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით.
„ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალების მორიგ უპასუხისმგებლო და მანიპულაციაზე დაყრდნობილ ინფორმაციასა და გასულ სიუჟეტებს, რომლებიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა. ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი. ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება. საქართველოს მიერ განხორციელებულ თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც ეხება საეჭვო ტვირთების კონტროლს, სრულად არიან ინფორმირებულები ჩვენი პარტნიორები, როგორც აშშ-დან აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ "რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ". ამის შესახებ მან ვაშინგტონში "მარშალის ფონდის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არახამიას თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ", რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.
"თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას", - დასძინა არახამიამ.
ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა "სანქციებისგან თავის არიდების საშუალება არავის მიეცეს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გააჟღერა. ქართული მხარე კიევის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.


