პოლონეთის სეიმის წევრმა სააკაშვილის მიმართ მოპყრობას “ბარბაროსული” უწოდა
17/06/2022 06:57:20 პოლიტიკა
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილემ მალგოჟატა გოშიევსკამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას “ბარბაროსული” უწოდა და აღნიშნა, რომ "იგი ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება".
"ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს როგორც ჩანს პირველი შემთხვევაა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული. არც ერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებასა და განხილვას, მაგრამ ახალა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა, ასევე მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას", - განაცხადა გოშიევსკამ.


