გიგიაძე: „ევროკავშირი ხედავს, სად არის პრობლემა, ახლა ჯერი საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზეა“
17/06/2022 13:13:11 პოლიტიკა
ევროკავშირი ხედავს, სად არის პრობლემა, ახლა ჯერი საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზეა – საზოგადოებამ ზეგავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა მან რეკომენდაციები შეასრულოს,– ასე ეხმიანება დიპლომატი, EPRC-ს უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირის წევრის სტატუსის თაობაზე.
„ეს ევროკავშირის უკვე მეორე დოკუმენტია, სადაც საუბარია ოლიგარქზე [პირველი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია]. უკვე ჩანს, რომ ამას ევროკავშირი აღიქვამს ძალიან სერიოზულ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის გადალახვაც მას აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით სვლა გააგრძელოს. ასევე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, მედიათავისუფლება – ეს გაგრძელებაა იმის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის ფარგლებში მოვისმინეთ“,– ამბობს გიგიაძე და დასძენს, რომ დოკუმენტი ხელისუფლებისთვის ძალიან მკაფიო გზამკვლევს წარმოადგენს, თუ მას რეალურად აქვს სურვილი, რომ საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მისი ხედვით, 24 ივნისამდე (ევროკავშირის საბჭოს შეკრებამდე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკომისიის დასკვნის დამტკიცების თაობაზე) ძალიან კარგი გზავნილი იქნებოდა გარკვეული პოლიტიკური ნების ჩვენება:
„როგორ გააკეთებს ამას ხელისუფლება, მასზეა დამოკიდებული. ვადა მოცემულია დოკუმენტში – 2022 წლის ბოლომდე ევროკომისია მონიტორინგს გააგრძელებს. პირდაპირ გვეუბნებიან, რა ვადებში მოიაზრებენ ამ რეფორმების სავარაუდო დასრულების შესაძლებლობას. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ნების ჩვენება შეიძლებოდა 24 ივნისამდე, ხოლო წლის ბოლომდე დანარჩენი საკითხების გადაჭრაც.
ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%–ზე მეტი ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ამდენად, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის (ამ რეკომენდაციებამდე და მას შემდეგაც) საშინაო დავალება იყო და არის ცხადი – ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ძალიან მკაფიო მითითებას გვაძლევს, რათა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გადააბრალოს მესამე მხარეს, ჩვენც ვხედავ, სად არის გამოწვევები ამ გზაზე“.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


