"ამ ვითარებაში რეალისტურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, კონკრეტულად შეგვიძლია, რომ ისტორიული მისია შევასრულოთ"
17/06/2022 13:39:48 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩევს, „დეოლიგარქიცაზიაამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია და რომ „რეჟიმი უნდა შევცვალოთ“.
„ამ რეჟიმმა იმ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა და იმ გზაზე დააყენა, რომელიც შეუთავსებელია არა თუ ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან, არამედ ზოგადად თავისუფალ სამყაროსკენ სვლასთან.
ამ ვითარებაში მაქსიმალურად რეალისტურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. არა თუ კარია ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა და მთლიანად თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელი. ეს წერია დიპლომატიურ, პოლიტიკურად კორექტულ ენაზე არ რეკომენდაციაში, იმიტომ რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები, რომლებიც ჩამოთვლილია, მათ შორის ერთი განსაკუთრებით ხაზგასასმელია - დეოლიგარქიცაზია, შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში.
ჩვენ ხელახლა არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია. თუ აღმოჩნდა, რომ საოცრებასთან გვაქვს საქმე და უცებ სავლე პავლედ იქცა, მაშინ ვაღიარებთ ამ ძალიან სასიამოვნო, უზარმაზარ შეცდომას, მაგრამ არ შეიძლება, მაგაზე გავთვალოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და ეს რეჟიმი უნდა შეცვალოთ. ამის შემდეგ თავისუფალი სამყარო ჩვენ, როგორც მათ ბუნებრივ წევრს მიგვიღებს“,– განაცხადა ბოკერიამ ევროკომისიის დასკვნის შეფასებისას.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


