ვაშაძე - კობახიძეზე: "იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება"
17/06/2022 13:56:39 პოლიტიკა
ბატონ კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც,"ევროპელმა ლიდერებმა მიგვანიშნეს, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი".
მისივე თქმით, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი - საქართველოში შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმას, წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, ამ დასკვნით, ჩვენ უკვე დაგვაშორეს უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა ამ დასკვნით კვლავ უკმაყოფილოა „ქართული ოცნება“, რადგან მათი მიზანი იყო მთლიანად ჩავხსნოდით ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, არაფერი პირობები არ მიეღოთ და უბრალოდ უარი მიეღო საქართველოს ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ, მათი პირველი განცხადებები აჩვენებს, რომ 24 ივნისამდე, როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებაც კი, რაც დღეს გამოქვეყნდა, გაუარესდეს. ანუ კიდევ უფრო მძიმე სურათი იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც კი უარი უთხრან, იმ ვადებზე, რაც დაგვიწესეს, ამაზეც კი უარი გვითხრან. საერთოდ გადახიონ და გადააგდონ ეს დოკუმენტი გვერდით, ისევე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად.
ამ დოკუმენტში, მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემური საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ არის დეოლიგარქიზაცია. როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია? თქვენ წარმოგიდგენიათ რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მოახერხოს საკუთარი თავის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, კითხვა ისმის, სად არის გამოსავალი? ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, ვფიქრობთ, რომ ერთადერთშია გამოსავალი - საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგვიწესა ევროკავშირმა, წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს არის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმის, რომ რამენაირად ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მთლიანად ავცდებით ევროპული ინეტეგრაციის გზას, ან ოლიგარქატი ან ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, უკრაინაში ომმა გეოპოლიტიკურად გახსნა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის ფანჯარა.
„მოლდოვამ ეს ფანჯარა გამოიყენა უკრაინასთან ერთად, საქართველო ამ ფანჯარას არ იყენებს. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩავეხსნათ საერთოდ ამ პროცესს. ბატონ კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს იმიტომ, რომ ვიცით, მთლად ასეთი ოროსანი არ არის“, - დასძინა ვაშაძემ.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


